9 იანვრამდე არ განახლდება სარკინიგზო რეისები თბილისიდან ფოთის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მიმართულებით

9 იანვრიდან აღდგება სარკინიგზო რეისები დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოს სამი ქალაქის: ფოთის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მიმართულებით. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა“.

თოვლის მოსვლით გამოწვეული „რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის“ მიზეზით, 3 იანვარს საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეისები შეჩერდა. ერთადერთი რეისი, რომელიც ამ დროის განმავლობაში მუშაობდა, იყო თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან თბილისისკენ მოძრავი შემადგენლობები.

„გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, - კიდევ ერთხელ განაცხადეს რკინიგზაში დღეს, 5 იანვარს.

ამ განცხადებას სოციალურ ქსელში მგზავრები პასუხობენ:

„რა ოპერატიულები ხართ, აი რას ნიშნავს მოდერნიზებული რკინიგზა“;
„ნუ შლით კომენტარებს“;
„როგორი დროული ინფორმაცია იყო!.. თქვენ თუ ასე მუშაობთ, ყოჩაღ!.. დღევანდელი მატარებლის ბილეთი მქონდა, თურმე, რეისი გაუქმებულია და ამის შესახებ არავინ მომაწოდა ინფორმაცია. უპასუხისმგებლოებო!..“
„ანუ ხალხი სადგურებზე უნდა მიიყვანოთ და მერე უთხრათ ეს ინფორმაცია, ფარ**კებო?“
უამინდობის მიზეზით თბილისიდან ფოთისკენ მიმავალი მატარებელი შეფერხებით მოძრაობდა რამდენიმე დღით ადრე, 30 დეკემბერსაც.

„კანტორა ხართ, მეტი არაფერი. საერთოდ უნდა გაუქმდეს თქვენი კომპანია. დღეს მოვდიოდი სენაკიდან. 8 საათზე ჩამოვედი სადგურში და მეუბნებიან, რეისი გაუქმდაო. არც მესიჯი, არც მეილი. ოპერატორი მეუბნება ჩვენი გვერდი შეგემოწმებინაო“, - დაწერა ერთ-ერთმა მგზავრმა "საქართველოს რკინიგზის" ერთ-ერთ ფეისბუკპოსტზე.

"საქართველოს რკინიგზამ" „საუკუნის პროექტის“, რომლითაც უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი ინფრასტრუქტურა მოაწყო, პრეზენტაცია 24 დეკემბერს გამართა. პროექტის ღირებულება დაახლოებით ერთი მილიარდი ლარია. ღონისძიებას უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.