აშშ-მ ორბანის ადმინისტრაციის უფროსი მაგნიტსკის სიით დაასანქცირა

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა [OFAC] უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და თანაპარტიელს ანტალ როგანს კორუფციისთვის მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა. 

მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. 

სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს როგანმა მოაწყო სისტემა, რომლითაც საჯარო კონტრაქტებსა და რესურსებს თავის ერთგულ და პარტია ფიდესთან დაახლოებულ პირებზე ანაწილებდა. სქემები მიზნად ისახავდა უნგრეთის ეკონომიკის რამდენიმე სტრატეგიული სექტორის კონტროლს და ამ სექტორებიდან მიღებული შემოსავლების დაუფლებას.

"აშშ არ დააყოვნებს როგანის მსგავსი პირებისთვის პასუხისმგებლობების დაკისრებას, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით უკანონოდ გამდიდრდნენ ქვეყნისა და თანამოქალაქეების ხარჯზე", - თქვა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ბრედლი ტ.სმიტმა.