NASA-ს მილიარდერი უხელმძღვანელებს    

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელად მილიარდერი ასტრონავტი, კოსმოსური ტურისტი, ჯარედ აიზეკმანი დაასახელა. „მოხარული ვარ, NASA-ს ხელმძღვანელად აღიარებული ბიზნეს-ლიდერი, ქველმოქმედი, მფრინავი და ასტრონავტი ჯარედ აიზეკმანი დავასახელო. ის სააგენტოს მისიას კრეატიულობითა და შთაგონებით უხელმძღვანელებს და გზას გაუხსნის რევოლუციურ წინსვლას კოსმოსურ მეცნიერებაში“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში. თუკი სენატი მის კანდიდატურას დაამტკიცებს, აიზეკმანი, რომელსაც მთავრობასა და პოლიტიკაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს, NASA-ს 25-მილიარდიან ბიუჯეტს გააკონტროლებს. სააგენტოს ამჟამად ბილ ნელსონი ხელმძღვანელობს. რამდენიმე თვის წინ, აიზეკმანმა პირველ კომერციულ კოსმოსურ მისიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დროსაც არაპროფესიონალი ასტრონავტები ღია კოსმოსში პირველად გავიდნენ.