"ეს გაუთვლელი, ერთი ადამიანის ხუშტურზე მორგებული გადაწყვეტილებაა" - განათლების სამინისტროსთან აქცია იმართება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 59
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) იძულებით გაერთიანებას აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილეთა მოლოდინით მსგავსი პროცესები, შესაძლოა, მომავალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსაც შეეხოს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, პროტესტი უნივერსიტეტების იდენტობის დაცვას უკავშირდება: „უნივერსიტეტის ისტორიისა და იდენტობის ნაწილი ვართ ჩვენც, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც. ამიტომ "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის", "თავისუფლების მოედანი" და "განათლება საფრთხეშია" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 14 თებერვალს, შაბათს, 17:00 საათზე, ტერმინალის დარბაზში ვიწვევთ, რათა ვიმსჯელოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დამანგრეველი რეფორმის გასაჩერებლად“.
პროტესტის მონაწილის თქმით, დაგეგმილი რეფორმა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას არ ემსახურება: „ამ რეფორმის მიზანი არ არის ხარისხის უზრუნველყოფა. მისი მიზანია აკადემიური საზოგადოების დამორჩილება და აკადემიურ ველზე ისეთი დიქტატურის დამყარება, როგორიც პოლიტიკურ სივრცეშია“.
პროტესტის კიდევ ერთი მონაწილის განცხადებით, განათლების სისტემას რეფორმები სჭირდება, თუმცა პროცესი არასწორად მიმდინარეობს: "ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების სისტემას მნიშვნელოვანი რეფორმები სჭირდება, მაგრამ რეფორმები დაკეტილ კაბინეტში არ ხდება. რეფორმები ფართო კონსულტაციით ხდება. ახლა, როდესაც გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და შემდეგ ეპატიჟებიან ხალხს, ეს კონსულტაცია აღარ არის. ეს არის თავს მოხვევა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების.
ეს არის გაუთვლელი, აბსოლუტურად დაუგეგმავი, ერთი ადამიანის ხუშტურზე მორგებული გადაწყვეტილება. როგორც მიმდინარეობს ეს პროცესი, ეს არის ღირსებს შემლახავი და ძალიან ბუნებრივია, რომ პროფესორები, სტუდენტები პროტესტს აცხადებენ დღეს. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეფორმის გატარებას სჭირდება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, რომელიც ამ ხელისუფლებას არ აქვს", - აცხადებს პროტესტის მონაწილე.
