ტრამპის ცნობით, TikTok-ის ყიდვას რამდენიმე კომპანია განიხილავს, მათ შორის Microsoft-ია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი, TikTok-ის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს აწარმოებს თუ არა Microsoft-ი TikTok-თან მოლაპარაკებებს, რაზეც მან ასე უპასუხა: "ვიტყოდი, რომ კი", თუმცა აქვე დაამატა, რომ სხვა კომპანიებიც ასევე განიხილავენ პლატფორმის შესყიდვას.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, TikTok-ის შესყიდვით დაინტერესებულები არიან - პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია Oracle-ი და ასევე ხელოვნური ინტელექტის დარგში Perplexity-ის სტარტაპიც.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის ფარგლებშიც პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება 75 დღით გადავადდა. განკარგულების ფარგლებში ტრამპმა დირექტივა მისცა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს, არ აღასრულოს TikTok-ის აკრძალვის შესახებ ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და ძალაში 19 იანვარს შევიდა. წინა ადმინისტრაციის დროს მიღებული კანონის ფარგლებში, TikTok-ი ამერიკის ბაზარს არ დატოვებდა იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმას ვინმე ამერიკელი ან მოკავშირე ქვეყანა შეიძენდა.

19 იანვარს, აშშ-ში TikTok-ი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო, რადგან ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი ძალაში შევიდა. აპი ასევე წაიშალა Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მაღაზიებიდან აშშ-ში, რის გამოც მისი ჩამოტვირთვა მიუწვდომელი გახდა.

სულ სოციალური ქსელი აშშ-ში 14 საათის განმავლობაში იყო გათიშული.