აშშ-ს სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან ზავის მიღწევის შემდეგ არჩევნები გამართოს

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს სურს, უკრაინამ პოტენციურად წლის ბოლოს და განსაკუთრებით რუსეთთან ზავის მიღწევის შემთხვევაში, არჩევნები გამართოს. ამის შესახებ გამოცემასთან ინტერვიუში უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა ისაუბრა.

კელოგის თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც რუსეთთან ომის პერიოდში სამხედრო მდგომარეობის საფუძველზე დროებით გაუქმდა, "უნდა ჩატარდეს". 

"დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობა ომის დროს არჩევნებს ატარებს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათაც ასე იმოქმედონ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის სილამაზე, როცა შენ ერთ ადამიანზე მეტი [პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი] გყავს". - თქვა კელოგმა. 

ტრამპსაც და კელოგსაც უთქვამთ, რომ ისინი გეგმაზე მუშაობენ, რათა რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულებისთვის აუცილებელი მოლაპარაკებების პროცესში უშუამდგომლონ. თუმცა მათ არ თავიანთი სტრატეგიის დეტალებზე არ უსაუბრიათ ან კონკრეტულ დროზე, როდესაც თავიანთი გეგმას გამჟღავნებას აპირებენ. 

ჯერჯერობით, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე ტრამპს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, Reuters-ის ანონიმური წყაროების ცნობით, კელოგი და თეთრი სახლის სხვა მაღალჩინოსნები, რუსეთსა და უკრაინის საწყისი ზავის მისაღწევად განიხილავენ უკრაინის დაყოლიებას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე. 

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ასევე მსჯელობენ, მუდმივი შეთანხმების მიღწევამდე, აიძულონ თუ არა მხარეები, დადონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საწყისი შეთანხმება. მათი თქმით, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა, გამარჯვებული კანდიდატი იქნებოდა პასუხისმგებელი მოსკოვთან გრძელვადიანი პაქტის დადების შესახებ მოლაპარაკებებზე. 

უცნობია, რა რეაქცია ექნება კიევს ტრამპის წინადადებაზე. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქამდე უთქვამს, რომ რომ უკრაინას შეუძლია მიმდინარე წელს არჩევნები გამართოს იმ შემთხვევაში, თუ ომი შეწყდება და ქვეყანა უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს მიიღებს, რათა რუსეთი საომარი მოქმედებების ხელახლა დაწყებისგან შეაჩეროს. 

კელოგმა Reuters-ს უთხრა, რომ ჯერჯერობით ტრამპის ადმინისტრაციას ოფიციალური მოთხოვნა წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების შესახებ კიევისთვის არ წაუყენებია. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2022 წლის თებერვლიდან ქვეყანაში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა, რომლის დროსაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩატარდება.