ილონ მასკს OpenAI-ზე კონტროლის შესყიდვა სურს - შეთავაზება $97.4 მილიარდია

მილიარდერი ილონ მასკი ინვესტორთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ OpenAI-ზე კონტროლის შესყიდვა $97.4 მილიარდად სურთ - ამის შესახებ CNBC წერს.

როგორც გამოცემას ილონ მასკის ადვოკატმა დაუდასტურა, ChatGPT-ის შემქმნელ კომპანიას ინვესტორთა ჯგუფმა წინადადება 10 თებერვალს წარუდგინა.

"დროა, OpenAI დაუბრუნდეს ღია წყაროს და კვლავ გახდეს უსაფრთხოებაზე კონცენტრირებული ძალა", - განაცხადა მარკ ტობეროვმა.

ინვესტორთა კონსორციუმი მასკისა და მისი სტარტაპის, xAI-ის გარდა, თავად მილიარდერის კომპანიათა ინვესტორებიც მოხვდნენ: , Baron Capital Group, Valor, Atreides, Vy Capital და სხვა.

მასკის ადვოკატის განცხადებით, კონსორციუმის შეთავაზება OpenAI-ის ყველა აქტივის შესყიდვაა, ფინანსები კი თავად AI სტარტაპის "საწყისი საქველმოქმედო მისიის გაგრძელებას" მოხმარდება.

მასკის კონსორციუმის შეთავაზებას OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი X-ზე გამოეხმაურა: "არა, გმადლობთ, მაგრამ Twitter-ს ვიყიდით $9.74 მილიარდად, თუ გსურთ".

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკსა და სემ ალტმენს ხანგრძლივი სასამართლო დავა აკავშირებთ. 2015 წელს OpenAI სწორედ ამ დუეტმა დააფუძნა. მაშინ, დამფუძნებლების ხედვით, სტარტაპი AI-ის კვლევაზე კონცენტრირებული ნონ-პროფიტი უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ OpenAI მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022 წელს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელი, ChatGPT-იც გამოუშვა. მასკი OpenAI-ის სასამართლოში უჩივის და ბრალს როგორც ბაზრის მონოპოლიზაციაში, ასევე მოგებაზე ორიენტირებულ სტარტაპად ჩამოყალიბებაში სდებს.

OpenAi ამჟამად $260 მილიარდადაა შეფასებული. სტარტაპის უმსხვილესი ინვესტორი Microsoft-ია, უახლოეს მომავალში კი ალტმენი ინვესტიციას SoftBank-ისგან მიიღებს.