ჰამასი აცხადებს, რომ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების პირობებს

ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) გამოაცხადა 13 თებერვალს, რომ ის ერთგულია შეასრულოს ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, რის გარშემოც ვითარება დაიძაბა ბოლო დღეებში, და დაადასტურა, რომ მძევლების შემდეგი გაცვლა მოხდება მომავალ შაბათ-კვირას, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

პალესტინური წყაროების თანახმად, წინსვლაა მიღწეული შეთანხმების გადარჩენის მცდელობების მხრივ მას მერე, რაც კრიზისი გამოიწვია ჯერ ჰამასის განცხადებამ, რომ არ გაათავისუფლებს მძევლებს შაბათს, რადგან ისრაელი არ ასრულებს პირობებს თავის მხრივ.

ისრაელმა ამაზე საპასუხოდ გამოაცხადა, რომ თუ ჰამასი არ გაათავისუფლებდა მძევლებს ვადებში, ის ომს განაახლებდა ღაზაში.

პალესტინის წყაროს თანახმად, ისრაელისგან მიიღეს პირობა, რომ შეასრულებს „ჰუმანიტარული დახმარების განრიგს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში თქვა, რომ „ჯოჯოხეთი“ დაიწყებოდა, თუ პალესტინელები არ გამოუშვებდნენ ყველა დარჩენილ მძევალს შაბათს შუა დღისთვის.

ტრამპმა, რომლის დაბრუნებამ თეთრ სახლში გააძლიერა ისრაელის ულტრამემარჯვენეების პოზიცია, საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია თავისი წინადადებით, აშშ-მა კონტროლი დააწესოს ღაზაზე და მისი 2,4 მილიონი მცხოვრები იორდანიასა და ეგვიპტეში გადაასახლონ.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც თავის პირველ ეტაპზეა, ითვალისწინებს ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ.

აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმე ეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.

პირველ ეტაპის პირობით, ჰამასს უნდა გაეთავისუფლებინა 33 მძევალი, ხოლო ისრაელს - 2000-მდე პალესტინელი პატიმარი.

ჰამასი ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს, მოკლა დაახლოებით 1200 ადამიანი და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში სახმელეთო და საჰაერო ომი დაიწყო, რომელსაც მას შემდეგ 47 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებად იქცა.