ტრამპის გუნდს ზელენსკის მოშორება სურს-The Economist

უკრაინა სამი წლის მანძილზე რუსულ თავდასხმას იგერიებდა, ხოლო ახლა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მოულოდნელად ახალი ფრონტი დასავლეთიდან გაიხსნა. სტატიას ამ შინაარსით The Economist-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ტრამპის თამაშმა რუსეთთან ზელენსკი გააოცა. 18 თებერვალს უკრაინის ლიდერმა საუდის არაბეთში ჩასვლაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ის მოლაპარაკებებზე არავის დაუპატიჟებია. 19 თებერვალს კი, ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა.

ტრამპის გადაწყვეტილება, დაელაპარაკოს პუტინს და ამრიგად კრემლის რეაბილიტაცია მოახდინოს, კიევის პოლიტიკური კლასი შოკში ჩააგდო, წერს The Economist-ი. „ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა არცთუ ისეთი კარგი იყო, როცა ჩვენ ამის შესახებ შევიტყვეთ. თუმცა, ჩვენ ამას ველოდით“, - ციტირებს გამოცემა ზელენსკის პარტიის ერთ-ერთ დეპუტატს.

ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი კი ამბობს, რომ მას ცუდი წინათგრძნობა აქვს. უკრაინის უმაღლეს რადაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დამამცირებელი ხელშეკრულებისთვის ხმის მისაცემად ემზადებიან.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად ყველაფრისა, შეთანხმება ჯერ არ არსებობს. მაგრამ ბევრი რამ უკრაინისთვის ცუდი სცენარით ვითარდება. უკრაინის მმართველი გუნდის წევრთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ტრამპის გუნდის ენა რუსულ ხაფანგს ჰგავს. ისინი ითხოვენ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე და ახალი არჩევნების ჩატარებას.

„როგორც ჩანს, ბატონ ტრამპს ზელენსკის მოშორება სურს, რომელიც მას არასდროს მოსწონდა და რომელსაც ის რთულ ადამიანად თვლის... საქმე არა არჩევნებში, არამედ ზელენსკის მოშორებაშია“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ყოფილ დიპლომატს.