დღეს, უკრაინაში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს, 24 თებერვალს კიევში ომის 3 წლისთავთან დაკავშირებით 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორშაბათს კიევში სამიტი გაიმართება, რომელშიც ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას და შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე.

„ჩვენ გვეყოლება 13 ლიდერი „ოფლაინში“ და 24 ლიდერი ონლაინ. ევროკავშირის ხელმძღვანელობა იქნება აქ, კიევში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა იქნება აქ, ბევრი დელეგაცია... ჩვენი პლატფორმა "უკრაინა - სკანდინავია-ბალტიისპირეთი", ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ იქნებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა კიევში უკვე ჩავიდნენ. რკინიგზის სადგურზე მათ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დახვდნენ. 

"რუსეთის სასტიკი შემოჭრის მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია. ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა.
გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე.
ეს არის ევროპის ბედი" წერს X-ზე ლაიენი.

უკრაინაში რუსეთის ომის 3 წლისთავზე ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედაც ჩავიდა:

"მე ახლახან ჩამოვედი კიევში.

ზუსტად სამი წელი გავიდა რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის დაწყებიდან. უკრაინამ და მისმა ხალხმა გადაიტანა უამრავი გაჭირვება, მაგრამ რჩება ამაყი და შეუვალი.

მიხარია და ვამაყობ, რომ ლიეტუვა ამ წლების განმავლობაში ყველანაირად უჭერდა მხარს უკრაინას. ჩვენ ასე გავაგრძელებთ." წერს ნაუსედა.