მთავარი
Starbucks-ი პლასტმასის ნაცვლად ბიოდეგრადირებად ჭიქებს გამოიყენებს
- Details
- By Sali
- Hits: 121
კაფეების უდიდესმა ქსელმა შეერთებულ შტატებში, Starbucks-მა ცივი სასმელებისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე, პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები კომპოსტირებადი ქაღალდის ჭიქებით ჩაანაცვლა, რაც კომპანიის მიერ პლასტმასის ნარჩენების მართვის მიმართულებით გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯია.
ცვლილება ამერიკის 14 შტატში თებერვლიდან ამოქმედდა. თავად Starbucks-ის წარმომადგენელმა FoxNews-თან დაადასტურა, რომ “კომპოსტირებად ჭიქებსა და თავსახურებზე გადასვლა ნაწილია კომპანიის ძალისხმევისა, შეამციროს ნარჩენები და დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები”.
ახალი ტიპის ჭურჭელი Starbucks-ის 580 კაფეში გამოჩნდა, რაც კომპანიის 17 ათასზე მეტი ფილიალის მხოლოდ მცირე ნაწილია. ცივი სასმელები ქაღალდის გაუმჭვირვალე ჭიქით მომხმარებელს კალიფორნიაში, ვაშინგტონში, ჰავაიზე, მინესოტაში, არიზონასა და სხვა შტატებში დახვდებათ.
Starbucks-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად ახალი ჭიქა “ყველასთვის უკეთესი ალტერნატივაა”.
“დავისახეთ ამბიციური მიზანი, რომ ჩვენი ჭიქები 100%-ით კომპოსტირებადი, გადამუშავებადი და მრავალჯერადი იყოს, დამზადებული 50%-ით გადამუშავებული მასალებისგან. გვსურს, 2030 წლამდე 50%-ით შევამციროთ წიაღისეული საწვავის რესურსების გამოყენება. აშშ-სა და კანადაში უფრო მდგრად ჭიქებს გთავაზობთ, რომლებიც 10-20%-ით ნაკლები პლასტმასისგან მზადდება - ეს ერთ-ერთი გზაა, რითაც ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვის ინოვაციას ვახდენთ”, - წერია განცხადებაში.
CBS News-ის 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, ყოველწლიურად Starbucks-ი 6 მილიონ ჭიქაზე მეტ ცივ სასმელს ყიდის, ჯამურად კი 2.2 მილიარდ პლასტმასის ჭიქას იყენებს. კომპანიის განცხადებით, ახალი ტიპის ჭურჭელი Starbucks-ს თავისი პლასტმასის ნარჩენების 6 მილიონი კილოთი შემცირების საშუალებას აძლევს.
მიუხედავად მომხმარებლის დადებითი უკუკავშირისა, Starbucks-ის გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკაც მოჰყვა. მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ცივი სასმლის ქაღალდის ჭიქიდან დალევა არაპრაქტიკულია, გამოყენებულ მასალას კი პროდუქტის გემოზე აქვს გავლენა.
კომპანია გეგმავს, რომ მდგრადი შეფუთვის მიმართულება კიდევ უფრო განავითაროს.
