EU კომპანიებს ელექტრომობილებზე გადასვლისკენ მოუწოდებს და შიდა წვის მანქანებზე შეღავათებს აუქმებს

ევროკომისიის მიზანია, კორპორაციულ ავტოპარკებში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაზარდოს და ამისთვის კომპანიების ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვის საგადასახადო შეღავათებს აუქმებს - ამის შესახებ კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია საუბარი.

ავტომობილების სექტორის წარმომადგენლებთან რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირი ინდუსტრიის განვითარებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომლის მიზანიც ევროპელი მწარმოებლების მიერ ელექტრომობილების გამოშვების ხელშეწყობა იქნება, რათა ბლოკმა კონკურენცია გაუწიოს აშშ-სა და ჩინეთს.

ევროპელი ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ კომპანიები ახალ მოდელებზე მუშაობენ, თუმცა მომხმარებლისგან მათზე ადაპტირება შესუსტებულია. 2024 წელს ევროკავშირში ელექტრომობილების ბაზრის წილი ერთი პროცენტული პუნქტით, 13.6%-მდე შემცირდა, თუმცა იანვარში 15%-მდე გაიზარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, კორპორაციული ავტოპარკები ევროკავშირში რეგისტრირებული ახალი ავტომობილების 60%-ზეა პასუხისმგებელი. გავრცელებულ დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ “კორპორაციულ ავტოპარკებში ნულოვანი ემისიების მქონე ავტომობილების წახალისებისთვის, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე სუბსიდიების შეწყვეტა საჭირო ინსტრუმენტია”.

შემოთავაზებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისია კორპორაციული ავტომობილების დეკარბონიზაციის კანონპროექტს წლის ბოლოს წარადგენს, მიღებული ზომები კი ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს.

ამასთან, ევროკომისია ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე ელექტრომობილებზე გადაწყობის რეკომენდაციებს მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის სიმცირე ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მოთხოვნა შემცირებულია. ბლოკში დამტენი სადგურების 60% სამ ქვეყანაზე მოდის. მოთხოვნის შემცირებას ხელი შეუწყო გერმანიის მიერ სუბსიდირების პროგრამის მოულოდნელმა შეწყვეტამ და იაფი ელექტრომობილების დეფიციტმაც.