ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტს გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტს გამართავენ, რომელზეც იმსჯელებენ როგორ დაეხმარონ უკრაინას და უზრუნველყონ ევროპის თავდაცვა. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

დღევანდელ სამიტზე ევროპელი ლიდერები გეგმავენ გაცვალონ მოსაზრებები უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო უსაფრთხოების გარანტიებისთვის საკუთარი კონტრიბუციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება 135 მლრდ ევროს აღწევს, მათ შორის 48,7 მლრდ ევრო უკრაინის შეიარაღებული თავდაცვის ძალებს მოხმარდა.

პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო რაოდენობის და მოცულობის სანქციები დააწესა, მათ შორის სანქციების ბოლო პაკეტი 2025 წლის 24 თებერვალს მიიღეს, რაც რუსეთის საბანკო სექტორს, ენერგოსექტორს და რუსეთის ეკონომიკის სხვა წამყვან დარგებს შეეხო.