ვინ არის რუმინეთის ახალი პრეზიდენტი?

2025 წლის 26 მაისიდან ნიკუშორ დანი ოფიციალურად გახდა რუმინეთის პრეზიდენტი. 55 წლის მათემატიკოსი და ბუქარესტის ყოფილი მერი ანტიკორუფციული აქტივიზმით და პროევროპული კურსითაა ცნობილი. როგორც საერთაშორისო მედია წერს, მისი არჩევა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულების იმედად მიიჩნევა.

დანი პოლიტიკურ მოღვაწეობას 2015 წელს იწყებს, როდესაც დააარსა მოძრაობა „შეინარჩუნე ბუქარესტი“, რომელიც მოგვიანებით „შეინარჩუნე რუმინეთად“ გარდაიქმნა. ის ხელმძღვანელობდა გაერთიანებას მანამ, სანამ 2017 წელს დატოვებდა მას პოლიტიკური მიმართულებების განსხვავების გამო. დანი ცენტრისტულ მიდგომას ემხრობა.

იქამდე, 2016 წელს ის პარლამენტის წევრად აირჩიეს, ხოლო 2020 წელს ბუქარესტის მერის პოსტი დაიკავა. მისი მერის თანამდებობაზე მთავარი აქცენტი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გამჭვირვალობის გაზრდაზე გაკეთდა, თუმცა ხშირად ხვდებოდა კრიტიკის ქვეშ დაგვიანებული პროექტების და ბიუროკრატიული სირთულეების გამო.

რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი

რუმინეთი პოლიტიკურ კრიზისში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა სავარაუდო რუსული ჩარევის გამო. 2025 წლის ხელახალ არჩევნებში დანი მეორე ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატს, ჯორჯე სიმიონსი 53.6%-ით დაამარცხა. სიმიონმა შედეგები გააპროტესტა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სარჩელი არ განიხილა.

ახალ პრეზიდენტს წინ რთული ამოცანები ელის: ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-იდან 7.5%-მდე უნდა დაიყვანოს, ქვეყანაში უნდა განახორციელოს ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმები და შეინარჩუნოს პოლიტიკური სტაბილურობა. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი პრემიერ-მინისტრის ისეთი კანდიდატის წარდგენაა, რომელსაც მყარი მთავრობის ფორმირება შეეძლება.

დანი კორუფციასთან ბრძოლას, სახელმწიფო რესურსების უკანონო გამოყენების აღკვეთასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას მიიჩნევს პრიორიტეტად. ის მხარს უჭერს ნატოს თავდაცვითი ბიუჯეტის მშპ-ის 3.5%-მდე გაზრდას და ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აქტიურ მონაწილეობას. მისი ხედვები მოიცავს მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობასაც.

ნიკუშორ დანის პრეზიდენტობა, მისი მხარდამჭერების თქმით, რუმინეთისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პროევროპული კურსის შენარჩუნებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების შანსია.