რა ბედი ეწევა ტრამპის ტარიფებს და ვინ მოითხოვა მისი გაუქმება?

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმებული იქნა მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების მოქმედება შეიზღუდა.

სასამართლო დავის გაგრძელების ფონზე, ჩნდება შეკითხვა - რა ბედი ეწევა ტრამპის ტარიფებს?

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტს ტარიფების გამოყენების საშუალებას ამ ეტაპზე აძლევს, თუმცა საკითხი უზენაესი
სასამართლოს დონეზე გადაინაცვლებს, საბოლოო განაჩენს კი სწორედ ის გამოიტანს, რომელიც შემდგომ გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება.

სააპელაციოს განმარტებით, პრეზიდენტს უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ტარიფების გამოყენება მიზანშეწონილი იყო, მიუხედავად იმისა, ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში არსებობდა თუ არა კონსენსუსი.

როგორც მანჰეტენის ფედერალური სასამართლო აცხადებდა, ტრამპმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.

"სასამართლო არ აფასებს პრეზიდენტის მიერ ტარიფების ბერკეტად გამოყენების ეფექტიანობას. მათი გამოყენება დაუშვებელი იყო არა იმიტომ, რომ არაგონივრული ან არაეფექტიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ ფედერალური კანონი ამის საშუალებას არ იძლეოდა", - განაცხადა სამი მოსამართლის კოლეგიამ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტარიფების საკითხთან დაკავშირებით დავა იქამდე გაგრძელდება, სანამ უზენაესი სასამართლო საბოლოო სიტყვას არ იტყვის, ამიტომ, ამ ეტაპზე, ტარიფების ბედ-იღბალი ჯერაც გაურკვეველია.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში კოლექტიური სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება ხუთმა მცირე ბიზნესმა მიიღო, მათ შორის იყვნენ: VOS Selections, FishUSA, MicroKits, Terry Precision Cycling და Genova Pipe. ზემოხსენებული კომპანიების განცხადებით, ტრამპის ტარიფების გამო, მათი საქმიანობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა და ისინი კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი არგუმენტი გაიზიარა, თუმცა სააპელაციომ ის არ მიიღო, ამიტომ ახლა საბოლოო განაჩენს უზენაესი სასამართლო გამოიტანს.