მთავარი
გერმანია უკრაინას €1.9 მილიარდს გამოუყოფს
- Details
- By iaiaia
- Hits: 119
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის დამატებით €1.9 მილიარდი ევროს, ანუ დაახლოებით $2.2 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს, მაგრამ ამისთვის ფრიდრიხ მერცის მთავრობას პარლამენტის დასტური დასჭირდება. სამხედრო დახმარების ჭრილში, უკრაინა გერმანიისგან IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, მაგრამ Taurus-ის ტიპის შორ მანძილზე სასროლ რაკეტებს კიევი ამ ტრანშის ფარგლებში აღარ მიიღებს.
როგორც ცნობილია, კანცლერმა მერცმა უკრაინას შორ მანძილზე სასროლი იარაღის წარმოების და რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანის უფლება მისცა. შესაბამისად, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსების ახალი პაკეტის ნაწილი შორმანძილიანი შეიარაღებას მაინც ითვალისწინებს, მაგრამ არა იმდენად მზა იარაღის მიწოდებას, როგორც ადრე, არამედ ადგილობრივი წარმოების დაფინანსებას. თუკი გერმანიის პარლამენტი სამხედრო დახმარების ამ პაკეტს დაადასტურებს, გამოვა, რომ წელს გერმანიის მხრიდან უკრაინის დაფინანსება €9 მილიარდამდე გაიზრდება.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმწოდებელ ქვეყნებს შორის გერმანია მეორე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ ამერიკა უსწრებს. Kiel Institute-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე ევროპამ ჯამში 64 მილიარდ ევრო გამოყო უკრაინის დასახმარებლად, ანუ მხოლოდ ერთი მილიარდით ნაკლები, ვიდრე ამერიკამ. ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების ჩათვლით კი, ევროპის მხარდაჭერა ამერიკულს დაახლოებით €23 მილიარდით აჭარბებს.
