დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, ლიდერებმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. როგორც უშაკოვმა აღნიშნა, პრეზიდენტები არ გამორიცხავენ, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში დაბრუნების საკითხს.

მისივე ინფორმაციით, საუბრის დროს, პუტინმა დაგმო, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაცია. უშაკოვის თქმით, სიტუაცია საკმაოდ საგანგაშოდ შეაფასა დონალდ ტრამპმაც, თუმცა ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები ეფექტიანად მოიხსენია.

თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ირანსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობა განიხილეს.

„პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით დამირეკა, რათა ძალიან თბილად მოელოცა დაბადების დღე, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ესაუბრა ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. ის, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ ეს ომი ისრაელ-ირანს შორის უნდა დასრულდეს, მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.