ირანმა კატარში აშშ-ს ავიაბაზის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანმა დაადასტურა, რომ კატარში ამერიკული ავიაბაზის, ალ-უდეიდის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. 

ირანის უზენაესმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადების თანახმად, კატარში ავიაბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტების რაოდენობა აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშისთვის გამოყენებული ბომბების რაოდენობის ტოლია. 

"ბაზა, რომელიც თავდასხმის დროს ძლიერმა ირანულმა ძალებმა ამოიღო, კატარის საქალაქო ობიექტებისგან და საცხოვრებელი ტერიტორიებისგან შორსაა. [...] ეს ქმედება ჩვენი მეგობარი და მოძმე ქვეყნისთვის, კატარისთვისა და მის კეთილშობილი ხალხისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა". - წერია განცხადებაში. 

მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) განცხადებაში ირწმუნებოდა, რომ ალ-უდეიდის ბაზის წინააღმდეგ "ძლიერი და გამანადგურებელი სარაკეტო იერიში" მიიტანეს. 

თავდასხმის შემდეგ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ირანის იერიში დაგმო და თქვა, რომ კატარი პასუხის გაცემის უფლებას იტოვებდა. თუმცა, სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ კატარი მშვიდობიანი დიალოგის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

განცხადების თანახმად, კატარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ირანული რაკეტები მოიგერიეს და იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. 

საჰაერო იერიშის შემდეგ მალევე ბაჰრეინის სახელმწიფომ თავისი საჰაერო სივრცე დახურა და ფრენები შეაჩერა, რაც კატარმა ასევე გააკეთა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე. 

გამოცემა Reuters-თან საუბრისას ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ და ალ-უდეიდის გარდა სხვა ამერიკულ ავიაბაზაზე თავდასხმა არ აღრიცხულა. 

თავდასხმის დადასტურებამდე Reuters წერდა, რომ დოჰაში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, რომ დოჰას საჰაერო სივრცეში ირანულ რაკეტებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იგერიებდა. 

კატარში მდებარე ალ-უდეიდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს უდიდესი ავიაბაზაა, რომელიც დაახლოებით 10 000 ჯარისკაცს იტევს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე აშშ და გაერთიანებული სამეფო კატარში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ შემდეგ განკარგულებამდე უსაფრთხო ადგილს თავი შეეფარებინათ. 

აშშ და ბრიტანეთი კატარში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ უსაფრთხო ადგილს თავი შეაფარონ
 22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.

ირანმა კატარში განლაგებულ ალ-უდეიდას საჰაერო ბაზაზე ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ „ირანის რევოლუციურ გვარდიაში“ აცხადებენ.

მათი განცხადებით, ეს არის პასუხი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის გამო.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა ღმერთზე და ირანის ერთგულ, ამაყ ხალხზე დაყრდნობით, არასდროს დატოვებს უპასუხოდ რაიმე აგრესიას თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.