მთავარი
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დანია გახდა
- Details
- By ani
- Hits: 98
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დანია გახდა. კოპენჰაგენი ევროკაშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსი თვის განმავლობაში იქნება.
დასავლური მედიის ინფორმაციით, დანიამ ევროკავშირის თავმჯდომარეობა ორი მთავარი პრიორიტეტით გადაიბარა: უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობა.
„ევროპა გადამწყვეტ მომენტშია. სამყარო, რომელმაც ჩვენი თავისუფლება უზრუნველყო და კეთილდღეობა მოგვიტანა, აღარ შეიძლება თავისთავად მიღებულად ჩაითვალოს“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა თავის მისასალმებელ მიმართვაში.
დასავლური მედიის შეფასებით, დანიელებისთვის ეს მერვე შემთხვევაა, როდესაც ისინი მონაცვლეობით თავმჯდომარეობას იკავებენ. ბრიუსელში მათი, როგორც პრაგმატული, ეფექტური და მშვიდი აზროვნების მქონე პირების რეპუტაცია დედაქალაქებს შორის არსებული მწვავე, ხშირად გადაულახავი უთანხმოებების გადალახვის კარგი წინაპირობაა.
დანიის თავმჯდომარეობა ემთხვევა მრავალ კრიზისს, მათ შორის რუსეთის ომს უკრაინაში. შეჭრის დაწყებიდანვე დანია უკრაინის ხმამაღალი მხარდამჭერი იყო და სამხედრო დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი გახდა.
დასავლური მედია წერს, რომ დანიის პრეზიდენტობა შეუფერხებლად წარიმართება თუ ქაოსში გადაიზრდება, შესაძლოა, ბრიუსელზე კი არა, 6 000 კილომეტრზე მეტად დაშორებულ აშშ-ზე იყოს დამოკიდებული. ვაჭრობაში ტრამპი ცდილობს, ცალმხრივად შეცვალოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური წესრიგი ფართომასშტაბიანი, ყოვლისმომცველი ტარიფებით, მაგრამ დანიისთვის ტრამპი არა მხოლოდ სავაჭრო გამაღიზიანებელს, არამედ ეგზისტენციალურ საფრთხესაც წარმოადგენს: აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა სამხედრო ძალის ან ეკონომიკური იძულების გამოყენების გამორიცხვაზე დანიის სამეფოს ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის, ხელში ჩასაგდებად.
