ტრამპმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს.

თეთრი სახლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სირიას განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის და თანამედროვე სახელმწიფოდ ტრანსფორმირების საშუალებას მისცემს, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონს.

მოგეხსენებათ, 2011 წლიდან მოყოლებული, სირია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად სანქცირებული სახელმწიფო იყო, რომელთან ვაჭრობა, თანამშრომლობა და საქმიანობა აშშ-ის მთავრობის მიერ შეზღუდული იყო, რასაც ქვეყანაში არსებული დიქტატურა განაპირობებდა.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიაში არსებული ვითარება მკვეთრად შეიცვალა და ამჟამად უკვე ქვეყანა დასავლური მიმართულებით ვითარდება, რასაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს აშშ-ის მხრიდან სანქციების გაუქმება.

როგორც ცნობილია, სირიის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც ის ახლო აღმოსავლეთის ტურნის ფარგლებში ქვეყნის ახალ დე ფაქტო მმართველს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა, რომელსაც არაბული სახელმწიფოების მხარდაჭერა აქვს.