უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება დაიდო - რას მოიცავს ის?

ევროკავშირი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ორ მხარეს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (DCFTA) გადაიხედება.

ცვლილებები, რომლებიც არსებულ დოკუმენტში შევა მნიშვნელოვნად დააბალანსებს ომის დაწყებით განპირობებულ შეღავათებს.

კერძოდ, თუ ადრე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არავითარი ტარიფი არ ედო და მათი კვოტა ერთიან სავაჭრო ბაზარზე გაზრდილი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი შემცირდება. გადაწყვეტილება დაკავშირებული უნდა იყოს ევროკავშირში მომუშავე ფერმერების უკმაყოფილებასთან, რომელსაც, როგორც ჩანს, წევრი ქვეყნების ხელისუფლებები ვეღარ აცხრობენ.

განახლებული შეთანხმება ასევე მოიცავს უკრაინის მიერ სოფლის მეურნეობის სტანდარტების გაუმჯობესებას. კერძოდ, ქვეყანამ 2028 წლამდე უნდა გააუმჯობესოს შინაური ცხოველების მოვლასთან და პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ამას გარდა, გაკონტროლდება უკრაინისთვის მინიჭებული კვოტა ხორბალზე, შაქარზე, შინაურ ფრინველებსა და კვერცხებზე, ანუ იმ პროდუქტებზე, რომელთა მიმართაც უკმაყოფილება ევროკავშირის არაერთმა წევრმა გამოთქვა. შეზღუდვები ნაკლებად შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა რძის ფხვნილი და ყურძნის წვენი.

მხარეებს შორის შეთანხმების გაფორმება დასტურია იმისა, რომ საომარი ვითარებით გამოწვეული მხარდაჭერის პროგრამა ნელ-ნელა გრძელვადიან, სტაბილურ სავაჭრო პარტნიორობაში გადადის. როგორც ბრიუსელში აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება დაბალანსებული, სამართლიანი და რეალისტურია და მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ევროპულ ბაზარზე უკრაინული პროდუქტის შეტანის შეუფერხებლად გაგრძელებას, მეორე მხრივ კი, ევროკავშირში მომუშავე ფერმერების საჭიროებების გათვალისწინებას.

უკრაინაში მიესალმნენ მიღებულ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ განახლებული შეთანხმება ძალიან არ დააზარალებს მათ ეკონომიკას. უფრო პესიმისტურია ანალიტიკოსების შეფასება, რომელთა თქმითაც, ევროკავშირის ცალკეული წევრების მიერ უკვე დაწესებული შეზღუდვების ფონზე ეს ცვლილება დამატებით შეასუსტებს უკრაინული პროდუქტების ექსპორტს საერთო ევროპულ ბაზარზე. მათი შეფასებით, ცვლილებები მხოლოდ მაშინ იქნება ორმხრივ სარგებლიანი, თუ ის სრულფასოვნად ამოქმედდება და ცალკეული ქვეყნები აქამდე არსებულ შეზღუდვებს მოუხსნიან უკრაინას.