ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ეს არის ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი ბოლო თითქმის სამი წლის განმავლობაში.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის საუბარი საკმაოდ შინაარსიანი იყო, რა დროსაც პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასავლეთის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

„დასავლეთის სახელმწიფოები მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფდნენ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს, რითიც უკრაინაში ანტირუსული დასაყრდენი შექმნეს, რუსულენოვანი მცხოვრებლების უფლებების დარღვევას ამართლებდნენ და ახლა სამხედრო ოპერაციების გახანგრძლივების პოლიტიკას ატარებენ, კიევის რეჟიმს სხვადასხვა თანამედროვე იარაღით ამარაგებენ. რუსეთი ადასტურებს თავის ფუნდამენტურ მიდგომებს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო შეთანხმებებთან დაკავშირებით. ისინი უნდა იყოს გრძელვადიანი, უზრუნველყოფდეს ძირეული მიზეზების აღმოფხვრას და ეფუძნებოდეს რეალობას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა საუბრის დროს.

ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, რომლის მიხედვით, სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მათი ცნობით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მაკრონმა მოუწოდა რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამყარებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის მყარი, ხანგრძლივი მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისკენ. ელისეს სასახლის განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის პრეზიდენტი ამ საკითხზე საუბარს გააგრძელებს.

პუტინსა და მაკრონს შორის წინა სატელეფონო საუბარი 2022 წლის 11 სექტემბერს შედგა.