მთავარი
საფრანგეთში გაფიცვის გამო, Ryanair-მა 170-ზე მეტი ფრენა გააუქმა
- Details
- By iaiaia
- Hits: 135
საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა გაფიცვის გამო ათობით ათასი მგზავრისთვის ხუთშაბათს და პარასკევს, ავიარეისები შეფერხდა როგორც საფრანგეთში, ასევე, ევროპის მასშტაბით.
ავიაკომპანია Ryanair-ის ინფორმაციით, უქმდება მათი 170-ზე მეტი ფრენა, რაც 30 000-ზე მეტ მგზავრს შეეხება.
საფრანგეთის პროფკავშირებმა ორდღიანი გაფიცვა არასათანადო სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად დაგეგმეს, რასაც პარიზისა და ნიცის აეროპორტებში ფრენების ძირითადი ნაწილის გაუქმება მოჰყვა.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპე ტაბარომ დაგმო და “მიუღებლად” შეაფასა როგორც ორი პროფკავშირის მოთხოვნები, ასევე მათი გადაწყვეტილება გაფიცვის შესახებ, რამაც მოგზაურთა საშვებულებო გეგმები შეაფერხა. Ryanair-ის ინფორმაციით, პროტესტმა გავლენა მოახდინა არა მხოლოდ საფრანგეთიდან ან მისკენ მიმავალ რეისებზე, არამედ მიმართულებებზე, რომლებიც საფრანგეთის საჰაერო სივრცის გავლას ითვალისწინებდა. შესაბამისად, შეფერხდა ფრენები დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ესპანეთისა და საბერძნეთის მიმართულებითაც.
მოსალოდნელია, რომ ხვალ, პარასკევს კიდევ უფრო მეტი შეფერხება იქნება. ჩანიშნული ფრენების მხოლოდ 40% შესრულდება პარიზის აეროპორტებში - შარლ დე გოლში, ორლისა და ბოვეში.
გაფიცვის მიზეზად პროფკავშირები კადრების დეფიციტს, მენეჯმენტთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემის შემოღებას ასახელებენ. გაიმართა მოლაპარაკებებიც სამოქალაქო ავიაციის უწყებასთან, თუმცა უშედეგოდ.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, Ryanair-ს 800 ფრენის გაუქმება მოუწია. შეფერხებების მიუხედავად, ავიაკომპანიამ ივნისში 109 000 რეისი შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ პრობლემები ფრენების მხოლოდ 1%-ს შეეხო.
