24 საათში გახდება ცნობილი, დათანხმდა თუ არა „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბოლოო წინადადების მიღებას - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სავარაუდოდ 24 საათში გახდება ცნობილი, დათანხმდა თუ არა „ჰამასი“ ღაზაში ისრაელ-ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბოლოო წინადადების მიღებას.

ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდა თუ არა „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს წინადადებას, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხს 24 საათის განმავლობაში გაიგებენ.

„ვნახოთ, რა მოხდება, უახლოესი 24 საათის განმავლობაში გავიგებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, წინადადება მოიცავს ათი ცოცხალი ისრაელელი მძევლის ეტაპობრივ გათავისუფლებას და კიდევ 18 ცხედრის დაბრუნებას ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ.

როგორც „როიტერი“ წერს, ღაზაში დარჩენილი 50 მძევლიდან სავარაუდოდ 20 ჯერ კიდევ ცოცხალია.

წინადადების თანახმად, დახმარება ღაზაში დაუყოვნებლივ შევა და მოლაპარაკებები მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ დაიწყება.