27 წლის შემდეგ აზერბაიჯანში კაზინოების ოპერირება დასაშვები გახდა

აზერბაიჯანში კაზინოს საქმიანობა ლეგალური გახდა. შესაბამის კანონში ინიციირებული ცვლილებები მილი მეჯლისმა მესამე, დასკვნითი მოსმენით მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, კაზინოების მოწყობა მხოლოდ კასპიის ზღვაში, ხელოვნურ კუნძულებზე იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

კანონმდებლების შეფასებით, ეს ნაბიჯი საგადასახადო შემოსავლების ზრდას, ტურიზმის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. დეპუტატები აღნიშნავენ, აქამდე აზერბაიჯანის მოსახლეობა კაზინოში სათამაშოდ ან ქვეყანას ტოვებდა ან ონლაინ-პლატფორმებზე თამაშობდა. ახალი კანონი კი ჩრდილოვანი გემბლინგის მასშტაბებს შეამცირებს.

ცნობისთვის, 2024 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილმა სიძემ, მეწარმემ და მომღერალმა ემინ აგალაროვმა კასპიის ზღვის სანაპიროზე თავის გასართობ კომპლექსში Sea Breeze-ში კაზინოს გახსნის გეგმის შესახებ დააანონსა. ეს ფართო დისკუსიის საგანი იყო, რამდენადაც აზარტული თამაშები ქვეყანაში 1998 წლის შემდეგ ჰეიდარ ალიევის ბრძანებით იყო გაუქმებული.