ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრობა იულია სვირიდენკოს შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრობა იულია სვირიდენკოს შესთავაზა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა გამართა უკრაინის ვიცე-პრემიერთან, იულია სვირიდენკოსთან, სადაც მოისმინა მისი ანგარიში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებების შესრულების თაობაზე, რომელიც მიღწეული იყო უკრაინის აღდგენის საკითხზე რომში გამართულ კონფერენციაზე.

„განვიხილეთ კონკრეტული ზომები, რომლებსაც შეუძლია, განამტკიცოს უკრაინის ეკონომიკური პოტენციალი, გააფართოოს უკრაინელების მხარდაჭერა და უფრო მასშტაბური გახადოს ჩვენი იარაღის წარმოება. ამ მიზნით ვიწყებთ აღმასრულებელი ხელისუფლების ტრანსფორმაციას. მე შევთავაზე იულია სვირიდენკოს, ჩაუდგეს სათავეში უკრაინის მთავრობას და არსებითად განაახლოს მისი მუშაობა. უახლოეს ხანში ველოდები ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამის წარდგენას“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო თავდაცვის უწყების მეთაური რუსტემ უმეროვი აშშ-ში უკრაინის ელჩად დაინიშნება. ამასთან, მედიის ცნობით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება.