მთავარი
დონალდ ტრამპი ევროკავშირსა და მექსიკას 30%-იან ტარიფებს უწესებს
- Details
- By iaiaia
- Hits: 90
პირველი აგვისტოდან, ევროკავშირიდან და მექსიკიდან შტატებში შესულ პროდუქციაზე 30%-იანი ტარიფი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ევროკავშირი შტატებთან არასამართლიან სავაჭრო პოლიტიკას ატარებს და ყოველთვის უფრო მეტ სარგებელს ნახულობს. შესაბამისად, 30%-იანი ტარიფის დაწესებით ტრამპი სავაჭრო ბალანსის აღდგენას ეცდება. რაც შეეხება მექსიკას, როგორც ირკვევა, შტატების პრეზიდენტი მეზობელი ქვეყნის მიერ ფენტანილის კონტრაბანდის შესაჩერებლად გადადგმულ ნაბიჯებს არასაკმარისად თვლის. შესაბამისად, 30%-იანი ტარიფის დაწესება ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქმება.
ევროკავშირში ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმეს. მეტიც, ოფიციალური ბრიუსელი ისეთი საპასუხო ნაბიჯების გადადგმით იმუქრება, რომლებიც შტატებს მილიარდები დაუჯდება. ტრამპის განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ შტატებში მიღებული გადაწყვეტილება მიწოდების გლობალურ ჯაჭვს სერიოზულად დააზიანებს.
ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მექსიკაშიც გამოეხმაურნენ. ოფიციალურმა მექსიკამ ტრამპის განცხადება უსამართლოდ მიიჩნია. ამის მიუხედავად, მექსიკურმა მხარემ ფენტანილის კონტრაბანდასთან ბრძოლის კუთხით ძალისხმევის გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.
