17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 45 ათასი ტონა ყურძენი - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის,
ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 3000-მდე მევენახემ ჩააბარა.
გადამუშავებული ყურძნიდან:
20.5 ათასი ტონა მოდის საფერავზე,
18.4 ათასი ტონა – რქაწითელზე,
ხოლო დანარჩენი მოცულობა სხვადასხვა ჯიშს მიეკუთვნება.
მათი თქმით, თითქმის სრულად დაბინავდა სეტყვით დაზიანებული 1200 ტონა ყურძენი, რომელიც სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ კგ. 1 ლარად ჩაიბარა. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს თელავსა და ახმეტაში ძლიერი სეტყვა და უხვი ნალექი დაფიქსირდა, რის შედეგადაც 300 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.
რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, 400-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია და მარანი უკვე დარეგისტრირდა ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში, მათგან 142 ამ დროისთვის უკვე ჩართულია რთველში.