II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატმა 2025 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მშპ-ის ზრდამ ამ კვარტალში 7.3% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია საქსტატის წინასწარ შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც კვარტალში ზრდა 7.1% იყო.

მთლიანობაში მეორე კვარტალში ეკონომიკის ზომა 25.4 მილიარდი ლარი იყო. სექტორებიდან მშპ-ში ყველაზე დიდი წილი მოდიოდა საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე, რომლის მოცულობაც 3.3 მილიარდი ლარი იყო, თუმცა ამ სექტორში ზრდა დაბალი იყო და მხოლოდ 1.5%-ს შეადგენდა. 2 მილიარდი ლარის წვლილით მშპ-ში მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი. აქაც ზრდა დაბალი იყო და 1.7%-ს შეადგენდა. მესამე პოზიციას კი ასევე 2 მილიარდი ლარით დამმუშავებელი მრეწველობა იკავებს 2%-ის ზრდით.

საქსტატის ანგარიში მიუთითებს, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (IT სექტორი) იყო, რომლის ზრდაც 37% იყო. ასევე განსაკუთრებით მაღალი 28%-ის ტემპით გაიზარდა განათლების სექტორი. ხელო აზარტული თამაშების სექტორი კი 16%-ით გაიზარდა. რომ არა ამ სექტორებში არსებული ზრდა მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ზე დაბალი იქნებოდა. ამას განაპირობებს ფაქტი, რომ ეკონომიკის რამდენიმე მსხვილ სექტორში - მშენებლობაში, ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში შემცირება დაფიქსირდა. კერძოდ მშენებლობის სექტორში კლება 2.6%-ია, ენერგეტიკაში 7%; სოფლის მეურნეობაში კი 2.5%.

ეკონომიკური ზრდა სექტორების მიხედვით:

სექტორი    II კვ. 2025 ლარებში    სექტორის ზრდა/კლება
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი    3,277,600,000 ლარი;    1.5%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები    2,024,300,000 ლარი;    1.7%
დამამუშავებელი მრეწველობა    1,978,400,000 ლარი;    2.0%
ინფორმაცია და კომუნიკაცია    1,667,100,000 ლარი;    37.1%
მშენებლობა    1,633,000,000 ლარი;    -2.6%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა    1,551,300,000 ლარი;    -2.5%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება    1,505,100,000 ლარი;    9.1%
განათლება    1,492,700,000 ლარი;    28.9%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები    1,207,900,000 ლარი;    11.8%
ტრანსპორტი და დასაწყობება    1,182,300,000 ლარი;    3.1%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები    1,016,700,000 ლარი;    8.4%
ხელოვნება, გართობა და დასვენება (აზარტული თამაშები)    993,800,000 ლარი;    16.0%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები    893,100,000 ლარი;    14.3%
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (ენერგეტიკა)    493,900,000 ლარი;    -7.0%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები    483,400,000 ლარი;    6.2%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები    268,600,000 ლარი;    13.6%
სამთომოპოვებითი მრეწველობა    221,600,000 ლარი;    0.1%
სხვა სახის მომსახურება    216,400,000 ლარი;    -2.5%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები    155,900,000 ლარი;    8.4%
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის    15,900,000 ლარი;    -44.7%