თევზის ექსპორტი გაიზარდა და საექსპორტო ფასიც გაორმაგდა - მთავარი ბაზარი ყაზახეთია

ახალი და გაყინული თევზის ექსპორტი გაიზარდა და საექსპორტო ფასიც თითქმის გაორმაგდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ჯამში 4,6 მლნ აშშ დოლარის 964 ტონა თევზის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2,2 მლნ აშშ დოლარი და 866 ტონა იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან თევზის მთავარი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია, სადაც წელს 946 800 აშშ დოლარის 116 ტონა გაყინული, ხოლო 141 600 აშშ დოლარის 18 ტონა ახალი და გაცივებული თევზი გავიტანეთ. ყაზახეთს მოსდევს რუსეთი, სადაც წელს 922 900 აშშ დოლარის 118 ტონა გაყინული თევზი გავიდა.

მეოთხე-მეხუთე ადგილებს თევზის ექსპორტში სომხეთი და აზერბაიჯანი იკავებენ, რაც რიცხვებში შემდეგნაირად ნაწილდება: სომხეთი - 766 600 აშშ დოლარის 97 ტონა ახალი და გაცივებული, 532 700 აშშ დოლარის 405 ტონა გაყინული თევზი; აზერბაიჯანი - 760 100 აშშ დოლარის 88 ტონა ახალი და გაცივებული, ხოლო 486 200 აშშ დოლარის 95 ტონა გაყინული თევზის ექსპორტი.

მცირე რაოდენობით გაყინული თევზი გავიდა უკრაინაშიც და ექსპორტმა მხოლოდ 64 300 აშშ დოლარი და 26 ტონა შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, ის ექსპორტის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება. კერძოდ, წელს, 8 თვეში ქვეყანაში 6,4 მლნ აშშ დოლარის 837 ტონა ახალი და გაცივებული თევზი და 29,2 მლნ აშშ დოლარის 10 764 ტონა გაყინული თევზი შემოვიდა. გასული წლის იანვარ-აგვისტოში ეს მაჩვენებლები შემდეგნაირი იყო: 4,8 მლნ აშშ დოლარის 635 ახალი, ხოლო 19,6 მლნ აშშ დოლარის 8369 ტონა გაყინული თევზი.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც თევზი შემოგვაქვს, ახალი და გაცივებული თევზი ძირითადად თურქეთიდან და ნორვეგიიდან შემოდის. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სტატისტიკა შემდეგნაირია:

თურქეთი - 3,5 მლნ აშშ დოლარი - 517 ტონა
ნორვეგია - 2,7 მლნ აშშ დოლარი - 300 ტონა
ჩილე - 128 700 აშშ დოლარი - 18 ტონა
საფრანგეთი - 15 400 აშშ დოლარი - 0.5 ტონა
ნიდერლანდები - 5900 აშშ დოლარი - 0.3 ტონა
გაყინული თევზის საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი შემდეგნაირია:

ნორვეგია - 5,2 მლნ აშშ დოლარი - 1664 ტონა
ესპანეთი - 3,9 მლნ აშშ დოლარი - 1814 ტონა
ჩილე - 2,9 მლნ აშშ დოლარი - 536 ტონა
ახალი ზელანდია - 2,4 მლნ აშშ დოლარი - 981 ტონა
აშშ - 2,1 მლნ აშშ დოლარი - 764 ტონა