"ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები" - ირაკლი კობახიძე

ენერგეტიკოსებს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მინდა, გადაგიხადოთ მადლობა ყველა იმ საქმისთვის, რაც გაკეთებული გაქვთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის, რასაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ენერგეტიკული სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება და ხელისუფლებას ამ მიმართულებით ამბიციური მიზნები აქვს.

 

„დღეს, ჩვენ ვართ ენგურჰესზე, რომელიც არის არამარტო ჩვენი ენერგეტიკული სისტემის, არამედ ჩვენი ქვეყნის სიამაყე და ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განვითარებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველმა ენერგეტიკოსებმა. მათ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ დღევანდელ დღეს. ზოგადად, ენერგეტიკა ყოველთვის ასახავდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მდგომარეობას და ქვეყნის განვითარების მდგომარეობას. ყველას გვახსოვს 90-იანი წლების კრიზისი, რომელიც პირდაპირ აისახა ენერგეტიკის მდგომარეობაზე, თუმცა მაშინაც, იმ უმძიმეს წლებსა და პერიოდში ენერგეტიკოსების შრომამ და თავდადებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენს ხალხს ეს კრიზისი იმაზე მსუბუქად გამოევლო, ვიდრე შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ამისათვის ქართველ ენერგეტიკოსებს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ქართველი ენერგეტიკოსები ქმნით ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შეგაქვთ უდიდესი წვლილი ეკონომიკისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ეს სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება. 2012 წლის შემდეგ გაიზარდა ენერგეტიკის გამომუშავება, თვისებრივი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით, აშენდა ახალი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, მზისა და ქარის სადგურები. სტატისტიკას რაც შეეხება, 2004-2012 წლებში, სულ 150 მგვტ შეემატა, დაახლოებით, ენერგეტიკულ სისტემას, მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ 1000 მგვტ-ს აღემატება. 3 359 მგვტ დადგმული სიმძლავრიდან ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი დაახლოებით 4 600-მდე. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები შემდეგი წლებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 860 დასახლებაში შევიდა ბუნებრივი აირი, რითაც საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე სარგებლობს.

„2012 წელს გაზიფიკაციის მაჩვენებელი იყო 55% ქვეყნის მასშტაბით და ეს ძირითადად უკავშირდებოდა საბჭოთა პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ჩვენ ბოლო დროის განმავლობაში განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ენერგეტიკის სისტემაში, რამაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მნიშვნელოვან რეფორმებს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. განხორცილედა ოპტიმიზაცია, როგორც კადრების მიმართულებით, ასევე ზოგადად - ხარჯების ოპტიმიზაცია. წლის ჭრილში, მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ჩვენ შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა. ბუნებრივია, ეს არის ის სახსრები, რომლებიც ჩაბრუნდება ენერგეტიკის სისტემაში და მოხმარდება ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას“, -  აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიმართულებით. 

„მათ შორის იყო, მაგალითად ნებართვების  გადაყიდვის არასწორი პრაქტიკა, რასაც სისტემური სახე ჰქონდა შეძენილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა მიმართულებით ამ პრობლემების მოგვარებას, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თვითკრიტიკის სახით უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მცირედით შეფერხებული ენერგეტიკის განვითარება და სწორედ ასეთი პრაქტიკები უშლიდა ხელს სექტორის სწრაფ განვითარებას. ეს პრობლემები მოგვარდება და ეს გახდება საწინდარი იმისა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი პოლიტიკა და მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის „ხუდონის“, „ნენსკრას“, „ნამახვანის“ პროექტები.

 

„ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოწვევა იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური საბოტაჟი. ამ ეკონომიკურ საბოტაჟში სხვადასხვა სუბიექტი იყო ჩართული. მათ შორის, უცხოური დაფინანსებითაც კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აწარმოებდნენ საბოტაჟს ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის პირდაპირი გაგებითაც. ქვეყანას უწევს კონკრეტული პროექტის შემთხვევაში ათეულობით მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურება სწორედ ამ ეკონომიკური საბოტაჟიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მაშინ არ ჰქონდა სახელმწიფოს საკმარისი რესურსი, რომ დაპირისპირებოდა ამგვარ საბოტაჟს, თუმცა დღეს სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი, მათ შორის ასეთი მსხვილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლებჯს დამოკიდებულება სრულიად პრინციპული იქნება.

 

“ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელი მოითბოს სახელმწიფო ინტერესებისა და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ყველა მიმართულებით გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩამოყალიბდება ახალი პრაქტიკა. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან და კერძო სექტორთან მუდმივი კონსულტაციები. სწორედ ასეთი კონსულტაციების, რჩევების საფუძველზე უნდა განისაზღვროს სამომავლოდ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს და მის მოადგილე ინგა ფხალაძეს მადლობა გადაუხადა. 

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს. ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით, ისევე, როგორც არაერთი სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ენერგეტიკის სფეროში ჩვენ მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო კურატორ მოადგილეს ენერგეტიკის მიმართულებით, ქალბატონ ინგას, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ენერგეტიკოსებს, ყველას, ვისაც შეგაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ენერგეტიკის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად ჩვენ მომავალში მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის მიმართულებით გახდება თვითკმარი ქვეყანა. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებსა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენმა ქვეყანამ განიმტკიცოს ეკონომიკური სუვერენიტეტი და ზოგადად სახელმწიფო სუვერენიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.