ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საქართველოში მოქმედ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე მონიტორინგი გააქტიურდა – აღნიშნულ პერიოდში 461 სუბიექტი შემოწმდა.
100-მდე გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ძირითადად გამოწვეული იყო კანონმდებლობის დარღვევებით და ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობით.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მონიტორინგის პროცესი მიზნად ისახავს ვალუტის გადამცვლელი საქმიანობის გამჭვირვალობას, ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
ამასთან, სებ-ი გეგმავს მონიტორინგისა და ზედამხედველობის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც როგორც გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის გამკაცრებულ კონტროლს, ისე მომხმარებლებისთვის მეტი ინფორმირებულობის უზრუნველყოფას გულისხმობს.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის თანახმად, გამოვლენილია 2022-2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ჯიხურის მფლობელი კახა კოტორაშვილი.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.