მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ნაპოლეონი“ საქართველოში ჩამოისხმება, - პროექტს მეღვინეობა კაჭრეთი“ საფრანგეთის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და ტრადიციულ დისტილერია “ტესენდიესთან” თანამშრომლობით განახორციელებს.
“მეღვინეობა კაჭრეთის“ ღვინისა და კონიაკის ქარხანაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართული და ფრანგული კომპანიების პარტნიორობა საქართველოს ბიზნესგარემოსა და სახელმწიფო სტრუქტურებისადმი უცხოელი ინვესტორების ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციებით. ვამაყობთ იმით, რომ საქართველო არის მეღვინეობის ისტორიული, ტრადიციული კერა და საფრანგეთი არის კონიაკის სამშობლო. ვფიქრობ, ეს საინტერესო სინთეზი მოგვცემს საუკეთესო ხარისხის პროდუქტს საქართველოში. ჩემთვის ეს თანამშრომლობა არის მორიგი დასტური იმისა, რომ უცხოელ ინვესტორებსა და კომპანიებს აქვთ ნდობა საქართველოში ბიზნესგარემოს, ჩვენი კანონმდებლობისა და სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის თანამშრომლობას უცხოურ კომპანიებთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, Tessendier & Fils Distillery-ის აღმასრულებელმა დირქტორმა ჟერომ ტესენდიემ და მეღვინეობა კაჭრეთის’’ დირექტორმა ნათია კარიჭაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „მეღვინეობა კაჭრეთი“ დაათვალიერეს.