ყაზახი მილიარდერი, ტიმურ ტურლოვი საქართველოში ბანკის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ყაზახეთის რედაქცია აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, თბილისში ჯერ FBG Company დარეგისტრირდება, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისგან შესაბამისი ლიცენზიის მიღებას შეეცდება. შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ კომპანია კომერციულ ბანკად გადაკეთდება და მისი სახელი იქნება Freedom Bank Georgia [თავისუფლების ბანკი საქართველო].
ეს იქნება Freedom Bank Kazakhstan-ის [თავისუფლების ბანკი ყაზახეთი] შვილობილი კომპანია. აღსანიშნავია, რომ Freedom Bank Kazakhstan-მა გასულ წელს შვილობილი ბანკი უკვე დააარსა ტაჯიკეთში და ამ ეტაპზე ტექნიკურ რეჟიმში ფუნქციონირებს.
Freedom Bank Kazakhstan ფინანსური აქტივების მიხედვით ყაზახეთის საბანკო სივრცეში მე-10 ადგილზეა. Forbes-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველი აგვისტოს ინფორმაციით, მისი აქტივების ჯამური მოცულობა 2,2 ტრილიონი ყაზახური ტენგეა, რაც 4 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარია.
Freedom Bank Kazakhstan-ის დამფუძნებელი და აქციათა 70%-იანი პაკეტის მფლობელია ტიმურ ტურლოვი, რომელიც ყაზახ ბიზნესმენებს შორის სიმდიდრით მე-2, ხოლო გავლენებით მე-4 ადგილზეა.
ტურლოვი რუსეთში დაიბადა და განათლება მოსკოვის საავიაციო ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ეკონომიკის მენეჯმენტის მიმართულებით მიიღო. Forbes-ის მონაცემებით, 2025 წლისთვის მისი ქონება 5,8 მილიარდს შეადგენს.