ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი, საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებდა ცივილიზაციებს და ეკონომიკებს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო, აბრეშუმის გზის ფორუმთან ერთად, კიდევ ერთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას, თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად იმართება. დღევანდელი ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network, რომლის საერთაშორისო ქსელსაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებთან ერთად უკვე საქართველო უერთდება.
საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი, საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებდა ცივილიზაციებს და ეკონომიკებს. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეს სტრატეგიული როლი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2021-2024 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10 პროცენტი შეადგინა, აღნიშნული დინამიკა მიმდინარე წელსაც გრძელდება.
„წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდა 7.9 პროცენტს აღწევს. მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია სტრუქტურული ცვლილებებითა და შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.
ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიღწეულია ფასების სტაბილურობაც. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდა და ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან შედარებით დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა. 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.1 პროცენტი იყო და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. ფასების სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება.
საქართველოში საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. წამყვანი ქართული ბანკების აქციები უკვე წლებია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ასევე, ქართულმა ბანკებმა გააფართოვეს საქმიანობა ქვეყნის გარეთ და რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს. ვხედავთ როგორც რეგიონის, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისგან ჩვენს საფინანსო სექტორში კაპიტალის დაბანდების მაღალ ინტერესს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს.
„საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. პარალელურად, იზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ინვესტიციებს, ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.
თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს. ეს ასევე ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ქვეყნებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ზრდას, რეგიონში სავაჭრო ბრუნვის გაძლიერებას და გამარტივებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ ბიუჯეტში შევა მოგების 33%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
„პირველ რიგში, მარიამ ქვრივიშვილს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომელიც მინისტრად დანიშვნის პირველივე დღიდან ჩაერთო მოლაპარაკებებში Eagle Hills-თან და მან შეძლო მაქსიმუმის მიღება იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოეწერა. ეს მაქსიმუმი ითვალისწინებს იმას, რომ ეს არის უპრეცენდენტო ინვესტიცია, რომელიც შემოდის საქართველოში და პირდაპირი ინვესტიცია არის 6,5 მილიარდი დოლარი მარტო ერთი კომპანიიდან. წინა ხელისუფლების პირობებში, მთელი მათი მოღვაწეობის დროს, 9 მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი. ახლა მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი. თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა წვლილს შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, ჩვენი მშპ-ს განვითარებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ამის მიღმა ხელშეკრულებაში ჩაიდო ის, რომ პირდაპირ ბიუჯეტში შედის მოგების 33%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და მარიამ ქვრივიშვილს კიდევ ერთხელ მადლობა ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერისთვის, რომელიც შეტანილ იქნა ხელშეკრულებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამუშაოები გრძელდება და მოლაპარაკებებიც ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ გვინდა, რომ აქაც მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასეთ პირობებში, თავისი დრო მიაქვს მოლაპარაკებებს, თუმცა ეს არის საჭირო, აუცილებელი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც არის საჭირო. საბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ ამის მიუხედავად, არ ფერხდება პროექტის განხორციელება, გრძელდება დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები, რაც კეთდება ჩვენი რესურსით. ეს სამუშაოები გრძელდება. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ მოლაპარაკებებსაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.