გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ (WESP 2026), თანახმად, საქართველოს ეკონომიკა კავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან ერთად ინარჩუნებს მყარ ეკონომიკურ დინამიკას, თუმცა რეგიონული და გლობალური ფაქტორების გავლენით ზრდის ტემპის გარკვეული შემცირებაა მოსალოდნელი.
2025 წელს გაეროს თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, 2026 წელს კი 5.4%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ზრდის ეს პროგნოზი 0.4 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია ვიდრე საქართველოს მთავრობის პროგნოზი, რადგან 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მცირე ეკონომიკებისათვის, როგორიცაა საქართველო, რუსეთთან ვაჭრობაში შუამავალის ფუნქციის შესრულებით მიღებული სარგებელი თანდათან მცირდება. თუმცა, ამ კლებას აბალანსებს შიდა მოთხოვნის სიმტკიცე, რაც განპირობებულია ინფრასტრუქტურული ინვესტიციებითა და ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ნაკადით. საქართველო რჩება იმ ქვეყნების სიაში, სადაც ფულად გზავნილებს მშპ-ში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს (დაახლოებით 13-15% 2024 წლის მონაცემებით).
2026 წელს გაეროს პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის ასე ნაწილდება:
საქართველო - 5.4%-ის ზრდა;
სომხეთი - 4.8%-ის ზრდა;
აზერბაიჯანი - 2.7%-ის ზრდა;
თურქეთი - 3.9%-ის ზრდა;
უკრაინა - 2.3%-ის ზრდა;
რუსეთი - 1%-ის ზრდა;
ყაზახეთი - 4.6%-ის ზრდა.
მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, ანგარიში ხაზს უსვამს რამდენიმე სტრუქტურულ გამოწვევას, რომლებიც საერთოა რეგიონის ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის:
ინფლაციური წნეხი: 2025 წელს რეგიონში ინფლაციის დაჩქარება აღინიშნა, რაც ცენტრალური ბანკების მხრიდან სხვადასხვაგვარ მონეტარულ რეაგირებას მოითხოვდა.
ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები: ციფრული ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარება და სოფლის მეურნეობის დაბალი პროდუქტიულობა კვლავ რჩება გრძელვადიან შემაფერხებელ ფაქტორებად.
გეოპოლიტიკური რისკები: უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კვლავ ახდენს გავლენას რეგიონის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და სავაჭრო კავშირებზე.
გაეროს ექსპერტების შეფასებით, საქართველოს შემდგომი ეკონომიკური განვითარება დიდწილად იქნება დამოკიდებული გარე შოკებისადმი მდგრადობაზე და შიდა სტრუქტურული რეფორმების ეფექტურობაზე.
წყარო: bm.ge
