საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
როგორც ცნობილია, იანვარში, წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება პროდუქტების წარმოშობის მიხედვით წლიურ ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, რომელსაც ეროვნული ბანკი ეყრდნობა, იანვარში იმპორტული საქონლის ინფლაცია მინუს 0.1%-ია, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ინფლაციაა 7%, ხოლო შერეული პროდუქციის ინფლაცია კი 5.5%-ია.
„ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს (ჯამში 3.4 პპ-ით). მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს (3.0%) უტოლდება.
შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია 5.5% იყო. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდი წვლილი ზეთზე, კარტოფილსა და შოკოლადზე (ჯამში 2.4 პპ) მოდიოდა.
იმპორტირებული პროდუქტების ფასების წლიურმა ცვლილებამ -0.1% შეადგინა. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაციაზე ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფება მოქმედებდა“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
სებ-ის მიმოხილვაში 4.8%-მდე დაჩქარებული წლიური ინფლაციის ფაქტორებიცაა აღნიშნული. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ 2025 წლის II კვარტალიდან სამიზნე 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც სებ-ის შეფასებით, მეტწილად საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ ფაქტორებს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ იანვარში ყოველთვიური ინფლაციაც დაჩქარდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2% შეადგინა. დეკემბერში ეს მაჩვენებლი მინუს 0.2% იყო.
„იანვარში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნავი პომიდორის და კიტრის გაძვირება იყო, რამაც თვის ინფლაციაში 0.25 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამის საპირისპიროდ, თვითმფრინავის ბილეთის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.07 პპ-ით შეამცირა“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
