2025 წელს საარსებო შემწეობას 129 ათასზე მეტი ოჯახი იღებდა - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 397 ათასამდე გაიზარდა. წლიურად ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 6 ათასით არის გაზრდილი.

აქედან საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 129.5 ათასი იყო (წლიური ზრდა 0,7%), ხოლო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ სოციალურად დაუცველის სტატუსი - 54.8 ათასი იყო.

რეგიონების მიხედვით ტრადიციულად ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 79.6 ათასი,
საიდანაც დახმარების მიმღებია 33.5 ათასი.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, ჩერდება. ოფიციალური სტატისტიკით, მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული.

მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს. თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, 300-ლარიან სამუშაოსთან ერთად დაკარგავენ თუ არა ეს ადამიანები სოციალურად დაუცველის სტატუსსაც.

დეკემბერში საარსებო შემწეობაზე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში შემწეობას 278 ათასზე მეტი ბავშვი იღებს.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, 2025 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 888.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70% ქალია, ხოლო 29.6% - კაცი. 2024 წელთან შედარებით პენსიის მიმღებთა რიცხვი 3%-ით არის გაზრდილი.

სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.8 პროცენტი ქალია, ხოლო 67.2 პროცენტი - კაცი. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლების 69.5% შეზღუდული შესაძლებლობაა, 17.5% - ომის მონაწილე, 11% - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი. ამასთან, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების რიცხოვნობა 134.7 ათასი იყო.