თბილისის მერია ბავშვებისა და სტუდენტებისთვის სოციალურ პროგრამებს გააგრძელებს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 61
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების, ასევე, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამებს მომავალშიც გააგრძელებს.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დედაქალაქის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს თანაბარი წვდომა ყველა მუნიციპალურ შეთავაზებასა და სერვისზე. ყველა მუნიციპალურ უწყებაში, როგორიცაა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლე, მულტიფუნქციური ცენტრები, სახელოვნებო სკოლები და სპორტული ობიექტები, მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა, რათა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა აღნიშნულ შეთავაზებაზე. მომდევნო წლებში 40 000 ბავშვი და მოზარდი ისარგებლებს ამ ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის ასევე მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, გაგრძელდება სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში სწავლა 20 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდება. მისი განმარტებით, დაფინანსებას მიიღებენ როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახიდან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი.
გარდა ამისა, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, სოციალური და ჯანდაცვის ყველა არსებული პროგრამა გაგრძელდება რაიონულ გამგეობებშიც.
„გამგეობები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აღნიშნულ მიმართულებაში. ისინი მოწოდებულნი არიან, რომ არსებული საჭიროებები დაფარონ. გამგეობებში ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა მოქმედებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. მათ შორის, ხდება ათასობით ოჯახის ქირით უზრუნველყოფა, ასევე, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფორსმაჟორის დროს, როდესაც ადამიანი რჩება ღია ცის ქვეშ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ყველა რაიონში მოქმედი უფასო სასადილოების პროგრამა, სააღდგომო და საახალწლო ნობათების გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, შეშით უზრუნველყოფა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

No article in the selected categories