ვარკეთილის დასახლებაში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 47
თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში დაასრულა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა, რომელიც სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მრავალფუნქციური ცენტრი თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად გახსნა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა სამგორის რაიონისთვის, რადგან იხსნება მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკალათბურთო დარბაზები, ორი საცურაო აუზი, მედიათეკა, ტანვარჯიშის, ჭიდაობისა და სპორტის სხვა სახეობების დარბაზები. ძალიან მალე გარე პერიმეტრზეც დავასრულებთ სამუშაოებს, სადაც მოეწყობა საფეხბურთო და პადელის მოედნები. მთლიანობაში ძალიან კარგი სივრცე გამოვა. ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა. 60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის აღნიშნული ინფრასტრუქტურა იქნება უფასო. რა თქმა უნდა, ანალოგიური პროექტები ყველა რაიონში უნდა განხორციელდეს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება გაგრძელდეს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რადგან ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, წარმოუდგენელია მსგავსი მასშტაბური სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორია მოიცავს 11 500 კვ.მ ფართობს და მასში განთავსებულია ორი აუზი (25*20 და 20*12 მ), ფიტნეს დარბაზი, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები, საბრძოლო ხელოვნების დარბაზი. ასევე, იფუნქციონირებს ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობისა და ძიუდოს წრეები, სპა ზონა, მედიათეკა, ქორეოგრაფიული სტუდია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. გათვალისწინებულია საპარკინგე სივრცეც.
თბილისის მერიამ ცენტრის მიმდებარედ გამწვანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც ჩაატარა. კერძოდ, მოეწყო თანამედროვე სარწყავი სისტემა, 1 220 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო 1 251 სხვადასხვა სახეობის ნერგი, რაც ტერიტორიას უფრო მოწესრიგებულსა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოდ აქცევს. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.
პროექტის მიზანია მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სერვისზე, ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობებში და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.
მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინდა მოგილოცოთ მულტიფუნქციური ცენტრის გახსნა სამგორის რაიონში, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს დედაქალაქს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამგორის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას სწორედ ასეთი უმაღლესი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრები.
„ყველას მინდა მოგილოცოთ მულტიფუნქციური ცენტრის გახსნა სამგორის რაიონში. ბევრ ქვეყანაში მინახავს ასეთი ცენტრები და შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლეს დონეზე, უმაღლესი სტანდარტებით არის შესრულებული სამუშაოები და შთამბეჭდავია ეს პროექტი. მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში, დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს დედაქალაქს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ მულტიფუნქციური ცენტრების განვითარება იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში ყველა უბანს ჰქონდეს ასეთი მულტიფუნქციური ცენტრი და გეგმაზომიერად გაგრძელდება ამაზე მუშაობა და მთავრობის მხრიდან დედაქალაქის მერიას ექნება სრული მხარდაჭერა. ასევე, რეგიონებზეც ვიტყვი, რომ გვინდა, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას სწორედ ასეთი უმაღლესი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრები. ეს არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, თუმცა არა მხოლოდ. ჩვენ ვხედავთ, რამხელა ინტერესია უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის, რომ ისინი ჩაერთონ მასობრივ სპორტში. ყველა თაობის ადამიანებისთვის, სამგორის მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს მულტიფუნქციური ცენტრი და ყველას, პირველ რიგში, სამგორის რაიონში მცხოვრებლებს მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახის და მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

No article in the selected categories