ოქტომბერში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის თვის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ოქტომბრის თვის შედეგები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები დაკლებულია. ერთი მხრივ, სექტემბერთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან. მეორე მხრივ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

ამასთან, გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი ერთწლიან პერიოდში მცირედით მომატებულია. კერძოდ, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 6%-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 4%-6%-ის მიდამოში ვარაუდობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას კლების ინტერვალში, -10%-0%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, ოქტომბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) სექტემბერთან შედარებით შემცირებულია.