ტურისტულმა კომპანია PEGAS Touristik Georgia-მ ახალი მიმართულება დაამატა.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, სალომე ბერაიამ BM.GE-სთან ისაუბრა, აზიის მიმართულებებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2024 წლის მიწურულს მომხმარებელს ახალი ტურისტული მიმართულება, კერძოდ ტაილანდის, ქალაქ ფხუკეტის მიმართულება შესთავაზა.
მისი ინფორმაციით, ქართველ მომხმარებელს აღნიშნული ტურისტული პაკეტით სარგებლობა 2025 წლიდან, საქართველოში არსებული ნებისმიერი ტურისტული სააგენტოს საშუალებით შეეძლება.
„ეს არის ქართველი დამსვენებლისთვის ძალიან ეგზოტიკური, ახალი და მრავალფეროვანი მიმართულება. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან შორსაა და ტროპიკული ქვეყანაა, ის ვერ იქნება ბიუჯეტური. ტაილანდის მიმართულებით ავიაბილეთი გაცილებით ძვირია, ვიდრე თურქეთის და ეგვიპტის, მაგრამ გაცილებით თვალწარმტაცი და განსხვავებული მიმართულებაა.
ნოემბრის თვის მონაცემებით, 1 ადამიანზე ტურის ღირებულება 2 000 დოლარიდან იწყება და დამოკიდებულია სასტუმროსა და სერვისზე. ისევე როგორც სხვა ტურების შემთხვევაში, ამ ტურპაკეტში შედის გადაფრენა, სასტუმროში განთავსება, ძალიან ბევრ აქტივობა და ა.შ.“, - აცხადებს ბერაია.
მისივე განმარტებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება აზიაში დასვენება, მათთან შედარებით აღნიშნული ფასი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. თავის მხრივ, კურორტი გამორჩეულია იმით, რომ ოთხივე სეზონზე კარგი ამინდია, ამასთან ადგილი ტროპიკული და ეგზოტიკურია.
წყარო: BM.GE