დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, საქართველო 2022, 2023 და 2024 წლებისთვის, ევროკავშირის დახმარების სახით გამოყოფილი თანხებიდან 121 მილიონ ევროს დაკარგავს. ესაა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომლის მიხედვით, 2021-2024 წლებში, საქართველომ ისარგებლა ევროკავშირის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილი 85 მილიონი ევროთი. თუმცა, ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ქვეყანამ 2022, 2023 და 2024 წლებში დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით.
დაკარგული თანხები თავდაპირველად განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებისთვის ან მთავრობის და სახელმწიფო უწყებების ტექნიკური დახმარებისთვის. ეს თანხები გადანაწილდა სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) მხარდაჭერის გასაზრდელად რეგიონული პროექტებისთვის მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ასევე, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების სექტორების მხარდასაჭერად.
ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ მყარი ეკონომიკური ზრდა განიცადა, რომელიც ნაწილობრივ შესაძლო გახდა მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საშუალებით, რაც მოიცავდა საგადასახადო მოსაკრებლების პროცედურების განახლებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ქვეყნის გახსნას უცხოური ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ბიზნეს-გარემოს გამარტივებას.
2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ასოცირების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის - DCFTA ჩათვლით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ეს შეთანხმება განსაკუთრებული ტიპის შეთანხმებად არის მიჩნეული, რადგან მას აქვს ევროკავშირის შიდა ბაზარში ინტეგრირების ამბიციური ამოცანა. ეს რეჟიმი ზრდის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბაზარზე წვდომას უკეთესად მორგებული რეგულაციების საფუძველზე. DCFTA ასოცირების შეთანხმების მთავარი ღერძია და საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებასა და დივერსიფიცირებას ეხმარება.
2014 წლის 1 სექტემბერს, დაიწყო შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების, მათ შორის DCFTA-ს ამოქმედება. ამ პერიოდისთვის, საქართველო უკვე სარგებლობდა შეღავათების ზოგადი სისტემით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან, დაასრულა ამ პროგრამით სარგებლობა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა წლების განმავლობაში ვითარდებოდა, დღეს ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. DCFTA აღრმავებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირთან და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სახელმწიფო შესყიდვები, საერთო საბაჟო წესები, სურსათის ტექნიკური და სანიტარული სტანდარტები, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები და კონკურენციის წესები.
ევროკავშირი ხელს უწყობს მთავრობას ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერაში ხარისხის მართვის სისტემებისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემების ჩამოყალიბების გზით, რითაც სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველჰყოფს.