მცენარეული ზეთების წარმოების და ბაზარზე განთავსების ახალი რეგულაციები ამოქმედდება

მცენარეული ზეთების წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს, რომელიც 2026 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

შესაბამისი დადგენილების თანახმად, „ტექნიკური რეგლამენტი მცენარეული ზეთების შესახებ“ მიზნად ისახავს მცენარეული ზეთების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს: მოთხოვნებს მცენარეული ზეთების მიმართ; სპეციფიკურ მოთხოვნებს ზეთისხილის ზეთების მიმართ; მცენარეული ზეთების ბაზარზე განთავსების პირობებს; მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ; მცენარეული ზეთების შესაბამისობის კონტროლს.

რეგლამენტში დეტალურად არის გაწერილი ის მოთხოვნები, რომელსაც პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის, დეტალურადაა გაწერილი ზოგიერთი მცენარეული ზეთის ცხიმოვანი მჟავების შემცველობის მოთხოვნები.

რეგლამენტი ადგენს მცენარეული ზეთების ბაზარზე განთავსების პირობებსაც, სადაც მათ შორის დაკონკრეტებულია, რომ მცენარეული ზეთების ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.