რას ვყიდით თურქეთში, სადაც 3 თვეში ექსპორტი 21.8%-ით შემცირდა?

თურქეთი საქართველოსთვის წლების განმავლობაში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 8.4%-ით 663.3 მლნ დოლარამდე შემცირდა. 3 თვის ჭრილში ეს რიცხვები როგორც 2024-ის ასევე 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე მცირეა. შესაბამისად, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში თურქეთმა პირველი ადგილი დათმო და აშშ-ის შემდეგ [სადაც ვაჭრობა ავტომობილების იმპორტის ხარჯზე იზრდება] 11.8-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა.

მეზობელი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებში ექსპორტი მხოლოდ 11.4%-იან წილს იკავებს. წელს საქართველომ თურქეთში საქონლის გაყიდვით 76 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წლის პირველი კვარტალის ექსპორტს 21.8%-ით ჩამორჩება. ამასთან, მიმდინარე წლის თურქეთში საქონლის ექსპორტის ასეთი მაჩვენებელი საქართველოს 2021 წლის შემდეგ არ ჰქონია. სამთვიან ჭრილში სტატისტიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ პანდემიური 2020 წლის შემდეგ ექსპორტი თურქეთში 2023 წლამდე იზრდებოდა, შემდეგ კი დადებითი დინამიკა შემცირებით შეიცვალა. ამგვარად, თურქეთმა ექსპორტის მიხედვით, საქართველო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 5.4%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა.

ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში ექსპორტის შემცირება ფეროშენადნობების გაყიდვების კლებამ განაპირობა.

TOP-5 ექსპორტირებული საქონელი:

ტრიკოტაჟის ნაწარმი - $21.8 მლნ, 441 ტონა;
ფეროშენადნობები - $7.5 მლნ, 7 158 ტონა;
ტრიკოტაჟის კოსტიუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - $5.3 მლნ, 177 ტონა;
სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $5 მლნ, 620 ტონა;
ალუმინის ნარჩენები და ჯართი - $4 მლნ, 1819 ტონა
ჯამურად დანარჩენი საქონლის ექსპორტით ქვეყანამ 32 მილიონ 257 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია.

იანვარ-მარტში საქართველოში თურქეთიდან საქონლის იმპორტიც შემცირებულია. ამ პერიოდში მეზობელი ქვეყნიდან 587 მილიონ 292 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც 6.3%-ით ნაკლებია გასული წლის 3 თვის მონაცემებზე. შესაბამისად, თურქეთმა იმპორტის მიხედვით, უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში 13.9%-ით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

თურქეთიდან იმპორტის კლების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მედიკამენტების იმპორტის შემცირებაა. იანვარ-მარტში იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასე გამოიყურება:

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $39 მლნ, 1 069 ტონა;
მსუბუქი ავტომობილები - $17.9 მლნ, 394 ცალი;
შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - $14.6 მლნ, 18 136 ტონა;
ფილები მერქან-ბურბუშელისა - $12.9 მლნ, 31 253 ტონა;
სარეცხი და საწმენდი საშუალებები - $12.5 მლნ, 11 905 ტონა;
შემცირებულია სხვა დანარჩენი საქონლის იმპორტის მაჩვენებელიც, რამაც ჯამში 490 მლნ დოლარი შეადგინა.