უკვე შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით - პრემიერი

ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, თუ  ამ ტემპით გაგრძელდება ეკონომიკის ზრდა,  უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანა შესაძლოა მიუახლოვდეს ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით.
 

„რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა, სულ მოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ზრდის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, კეთილდღეობის დონით, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით და შესაბამისად, სოციალური პირობებიც შეიძლება რადიკალურად გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პროგრამული მიზნების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, სიღარიბის უმუშევრობის შემცირება მაქსიმუმ 4%-მდე. არც ერთმა მაჩვენებელმა არ უნდა გადააჭარბოს 4%-ს. როგორც ახლა მივდივართ, ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი 2028 წლისთვის. ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს აქვს ძალიან კომპლექსური პროგრამა, რომელიც  არჩევნების წინ იყო წარდგენილი და მთავრობა ამ გეგმას  ზედმიწევნით მიყვება.

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან კომპლექსური პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ არჩევნების წინ და ამ გეგმას მივყვებით ზედმიწევნით. დაახლოებით ერთ თვეში მექნება პირველი ანგარიში ახალი მოწვევის პარლამენტში და იქ პარლამენტარებს და ფართო საზოგადოებას მოვახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძელდება ქვეყნის განვითარების პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ენერგეტიკის მიმართულებით მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს სრულიად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით.
 

„ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას და გავხდებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. ეკონომიკა არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება. შესაბამისად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამაზე. ასევე, განათლების სფეროში რეფორმების გატარება. ყველა მიმართულებით განვითარება არის პირდაპირ დაკავშირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარებასთან, სუვერენიტეტის გაძლიერებასთან. ყველა სფეროზე უნდა ვიყოთ თანაბრად ორიენტირებულები. ჩვენ გვაქვს მიზანი საგარეო პოლიტიკაში, ეს არის ევროინტეგრაცია და აქაც, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება როცა მიიღება, ეკონომიკა იქნება მთავარი - ყველა შეხედავს იმას, თუ როგორია ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკა. მაგალითად, საქართველო და მოლდოვა რომ ავიღოთ, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. შესაბამისად, როცა საუბარია ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, სწორედ ჩვენ გავიმყარეთ ამ კუთხით პოზიციები. ბოლოს რომ შეხედავენ ქვეყნებს, გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის მიხედვით, თუ როგორია ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი“, - განაცხადა პრემიერმა.