საქსტატის ინფორმაციით, შარშან საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი [აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი] წლიურად 2.4 პროცენტული პუნქტით 9.4%-მდე შემცირდა.
როგორც სტატისტიკა აჩვენებს, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი პანდემიური 2020 წლის გამოკლებით მუდმივად მცირდება და შარშან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.8% იყო, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.9%-ს გაუტოლდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
რაც შეეხება ფარდობით სიღარიბეს, მედიანური მოხმარების 60% ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, შარშან 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9% შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.7% შეადგინა.
როგორ თვლის საქსტატი ქვეყანაში სიღარიბეს?
საქსტატი აბსოლუტურ სიღარიბეს შემდეგნაირად ადგენს: იმ მოსახლეობის პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში, რომლებიც აბსოლუტური სიღარიბის ზღვრის მიღმა არიან. აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების დროს მნიშვნელობა ენიჭება შინამეურნეობების ხარჯებს. თუ შინამეურნეობების ხარჯები ნაკლებია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარზე, შინამეურნეობა და მისი წევრები ითვლებიან ღარიბ მოსახლეობად. აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება როგორც ფულადი, ისე არაფულადი სამომხმარებლო ხარჯები.
საქსტატი სიღარიბის სტატისტიკის გამოკვლევას ყოველკვარტალურად ატარებს და მასში 4,300 შინამეურნეობა მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გროვდება მონაცემები შინამეურნეობების შემოსავლების, ხარჯების და შინამეურნეობების სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ.
საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, შინამეურნეობების გამოკითხვა ხორციელდება 2-(2)-2 როტაციული სქემის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ შერჩეულ მისამართზე მცხოვრებ შინამეურნეობაში გამოკითხვა ტარდება ზედიზედ ორი კვარტალის განმავლობაში, ხოლო შემდეგი 2 ინტერვიუ ტარდება ორი კვარტალის გამოტოვებით, მომდევნო წლის იმავე კვარტალებში. ყოველკვარტალურად ახლად შერჩეული შინამეურნეობების წილი შეადგენს 1/4-ს. გამოკვლევას ექვემდებარებიან კერძო შინამეურნეობები.
საქსტატის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მიხედვით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წარმოადგენს ღარიბი მოსახლეობის პროცენტულ წილს მთლიან მოსახლეობაში. გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ მოსახლეობად განიხილება იმ შინამეურნეობებში მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა ერთ ეკვივალენტურ მოზრდილზე გაანგარიშებული სამომხმარებლო ხარჯი ნაკლებია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარზე. აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება როგორც ფულადი, ისე არაფულადი სამომხმარებლო ხარჯები.
სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი - წარმოადგენს იმ შინამეურნეობებში მცხოვრები მოსახლეობის პროცენტულ წილს მთლიან მოსახლეობაში, რომელთა ერთ ეკვივალენტურ მოზრდილზე გაანგარიშებული სამომხმარებლო ხარჯი ნაკლებია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარზე.
სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი - სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის სასურსათო მდგენელის განსასაზღვრად, II-IV დეცილებში მყოფი თითოეული შინამეურნეობისათვის გაიანგარიშება ერთი მოხმარებული კილოკალორიის ფასი, რომელიც წარმოადგენს მოხმარებული სასურსათო პროდუქტების ჯამური ფულადი ღირებულების და ენერგეტიკული ღირებულების თანაფარდობას. სასურსათო მდგენელის მისაღებად ერთი კილოკალორიის მედიანური ფასი მრავლდება ეკვივალენტური მოზრდილის ენერგეტიკული ღირებულების დღიურ ნორმაზე.
სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის სასურსათო მდგენელის წილის განსაზღვრა ხდება II-IV დეცილებში არსებულ იმ შინამეურნეობებში, რომელთა ეკვივალენტურ მოზრდილზე სასურსათო ხარჯი ახლოს არის ზღვრის სასურსათო მდგენელთან. სასურსათო მდგენელის თანაფარდობით მის წილთან მიიღება სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი.
....
ცნობისთვის, საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის ჯინის კოეფიციენტიც, რომელიც ფართოდ გამოიყენება სტატისტიკაში სოციალური უთანასწორობის, კერძოდ მოსახლეობის შემოსავლების და ხარჯების უთანაბრობის საზომად. ჯინის კოეფიციენტი 0-დან 1-ის ჩათვლით ითვლება. რაც უფრო ახლოსაა 0-თან მისი მნიშვნელობა, მით ნაკლებია უთანაბრობა, ხოლო რაც უფრო ახლოსაა 1-თან, მით უფრო დიდია უთანაბრობა. მაგალითად, თუ ყველას მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე შემოსავალი აქვს, ჯინის კოეფიციენტი იქნება 0-თან ახლოს, ხოლო როდესაც მოსახლეობაში ბევრია დაბალი შემოსავლის მქონე და ცოტაა ძალიან მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მიუახლოვდება 1-ს. საქსტატი ჯინის კოეფიციენტს შემდეგი 6 მაჩვენებლით ითვლის: მთლიანი შემოსავლები, მთლიანი ფულადი სახსრები, მთლიანი სახსრები, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯები, მთლიანი ფულადი ხარჯები და მთლიანი ხარჯები.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა, ანუ ამ კუთხით უთანაბრობა შემცირდა. ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების და მთლიანი ხარჯების მიხედვით არ შეცვლილა და შესაბამისად 0.36 და 0.40 შეადგინა.