ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.0% შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები თითქმის იმავე დონეზე შენარჩუნდა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.0% შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები თითქმის იმავე დონეზე შენარჩუნდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მეტწილად სურსათის ფასები მოქმედებს, რაც, ერთი მხრივ, პურის გაძვირებას უკავშირდება, მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასები წინა წელთან შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა. ამავდროულად, სურსათის ინფლაციას გარკვეულწილად საბაზო ეფექტიც განაპირობებს, რადგანაც გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით საწვავის ფასების წლიური გაიაფება მოქმედებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციიის ასახვაა.

აღსანიშნავია, რომ ირან-ისრაელის ომმა ნავთობის ფასები მხოლოდ მცირედით და ხანმოკლედ გაზარდა. ბოლო მონაცემებით, ნავთობის ფასი დაუახლოვდა ომამდელ ნიშნულს. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.2% შეადგინა.

„ივნისში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში მეტ-ნაკლებად გამოსარჩევი სურსათის ფასების სეზონური ცვლილებებია, მათ შორის კარტოფილის გაიაფება, 0.2%-პუნქტიანი წვლილით თვის ინფლაციაში. წლიურად, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი გასული წლის ივნისთან შედარებით 9.9%-ით გაძვირდა. აქედან, პურის, ზეთის, კარტოფილისა და იმერული ყველის გაძვირებამ ინფლაცია, ჯამში, 1.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 9.4%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.8 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. საწვავისა და ინტერნეტის გაიაფებამ ინფლაცია, შესაბამისად, 0.6 და 0.4 პროცენტული პუნქტებით შეამცირა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, შესაბამისად 5.2% და 7.2% შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით, ადგილობრივი ინფლაციის მატება ყველაზე მეტად პურის გაძვირებას უკავშირდება.

„მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ბოლო თვეებია, სტაბილურია. ივნისში მომსახურების ინფლაცია 2.3%-ს გაუტოლდა. შერეული ინფლაციის მატება ყველაზე მეტად მზესუმზირის ზეთისა და კარტოფილის გაძვირებას უკავშირდება. იმპორტირებულ პროდუქტებში დიდწილად საწვავის წლიური გაიაფების გავლენით 2.0%- იანი დეფლაცია დაფიქსირდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.