Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის მაისში გაყიდვები მცირედით გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე და 2025 წლის წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებლებს შესაბამისად 6.4%-ით და 11.8%-ით გადააჭარბა.
ამასთან, ფასებმა ორივე ბაზარზე მცირედით იკლო, რამაც მოთხოვნის ზრდას შეუწყო ხელი. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი მაისში შემცირდა, რამაც 2025 წლის 5 თვის ჯამური მაჩვენებლის მცირედი კლება გამოიწვია.
უფრო დეტალურად, ბაზრის ტენდენციები ასეთია:
მოთხოვნა
2025 წლის მაისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,325 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 5 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა შემცირებული.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.2%-ით გაიზარდა.
ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგებიც (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) მეორადი ბაზრის მსგავს სურათს აჩვენებს. 2025 წლის მაისში გაყიდვები პირველად ბაზარზე 6.4%-ით გაიზარდა 2025 წლის 4 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა. 2025 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 15,865 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+2.6% წ/წ).
მიწოდება
2025 წლის მაისში ნებართვა გაიცა 25 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 202,697 მ 2 -ს შეადგენდა (-18.3% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 1.1%-ით შემცირდა.
ფასები
2025 წლის მაისში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.1%-ით შემცირდა და 1,331 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა და 1,253 აშშ დოლარი შეადგინა.
ქირა
2025 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ 2 ) ქირის ფასი თვეში მცირედით, 2%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.3 აშშ დოლარი შეადგინა.