ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებს პროკურატურა სწავლობს

 „ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების გამეორებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის აუდიტორულ ანგარიშს გთავაზობთ, თუმცა აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი დარღვევები „ვერსიაში“ უკვე გავიხსენეთ. ანგარიში, რომელსაც ახლა გთავაზობთ, 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტია. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო აუდიტორებმა მთელი რიგი ნაკლოვანებები გამოავლინეს, მათ შორის, ბიუჯეტის შესრულებაში, სახელმწიფო შესყიდვებში, მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობაში, შრომის ანაზღაურებასა და ტრანსპორტის ხარჯებში. დარღვევების დეტალურად განხილვის შემდეგ, დარწმუნდებით, რატომ მოხვდა ეს ანგარიში გენერალურ პროკურატურაში.

 

დარღვევები ბიუჯეტის შესრულებაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების შესაბამისად, აუდიტის პერიოდში, შემოსულობების გეგმა - 102 722 342 ლარით, ხოლო გადასახდელების - 107 466 404 ლარით განისაზღვრა. 2021-2022 წლებში, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმიური მაჩვენებელი ჯამურად 89.1%-ით, ხოლო გადასახდელების - 86.4%-ით შესრულდა.

„შეუსრულებლობა, ძირითადად, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის სახით მიუღებელმა 9 452 347 ლარმა განაპირობა. აღნიშნული ტრანსფერის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროპორციულად ხორციელდება. შესაბამისად, შემოსულობებისა და გადასახდელების შეუსრულებლობის მიზეზი არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია.

კერძოდ, 2021-2022 წლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი 2 697 231 ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 1 488 272 ლარი ანუ 55.2%, რაც იმის შედეგია, რომ შემსრულებელმა კომპანიამ ვალდებულება დროულად არ შეასრულა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ შემსრულებელი კომპანიების მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვეტილია რვა ხელშეკრულება, რის შედეგადაც ბიუჯეტით გამოყოფილი 3 131 128 ლარიდან, ათვისებულია მხოლოდ 332 386 ლარი ანუ 10.6%. ადგილობრივი ბიუჯეტის საბალანსო მონაცემების შესაბამისად, 2021 წელს ნაშთის ცვლილების გეგმური მაჩვენებელი 7.5%-ით, ხოლო 2022 წელს 56.8%-ით შესრულდა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2021-2022 წლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 89.1%-ით, ხოლო გადასახდელების - 86.4%-ით შესრულდა. ამასთან, ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული. ყველაფერი ეს, მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს. ნახეთ სრულად